თემურ ქევხიშვილი – “საუკუნის ხმა”  და “საქართველოს სიმღერის მასწავლებელი”

“საუკუნის ხმა” – ასე უწოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ თემურ ქევხიშვილს – ქართულ ხალხურ სიმღერაზე უზომოდ შეყვარებულ ხელოვანს.

ქართლ-კახური მღერის დიდოსტატი, უნიკალური მეორე ხმა, დაუვიწყარი მისეული-თემურისეული ვარიანტების შემსრულებელი – ისეთი, ერთხელ რომ მოისმენ და არასოდეს დაგავიწყდება, არავისში აგერევა… ლეგენდარული ,,გორდელას” ერთ-ერთი დამაარსებელი მომაჯადოებელი, ხავერდოვანი ხმითა და შემსრულებლობის განსაკუთრებული მანერით შეიყვარა ხალხმა.

თემურ ქევხიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენასა და გავრცელებაში. 90-იან წლებში, ომიანობის დროს, მაშინ როცა ქვეყანაში არავის ემღერებოდა, იგი ბავშვებს ქართულ ხალხურ სიმღერას ასწავლიდა. ,,საქართველოს სიმღერის მასწავლებელი” (როგორც მას ხალხმა შეარქვა) – ათი წლის განმავლობაში უძღვებოდა სატელევიზიო გადაცემას ,,ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები”. ლოტბარი სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა ქართულ ხალხურ მუსიკას.

,,ქართული ხალხური სიმღერის სიყვარული მხოლოდ სიმღერის სიყვარული კი არა, სამშობლოსა და პიროვნების სიყვარულია. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, ხალხურ სიმღერაზე ძვირფასი არაფერი გაგვაჩნია” – ამ სიტყვების მთქმელმა დიდმა მაესტრომ – თემურ ქევხიშვილმა აღზარდა საქართველოში თაობები, რომლებიც დღეს უნიკალური ქართული მრავალხმიანი სიმღერის ტრადიციას აგრძელებენ…

თემურ ქევხიშვილი 8 დეკემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა.

ქართული ფოლკლორი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები