საქართველოს საელჩო ავსტრიაში ახალ რუბრიკას იწყებს
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში სოციალური ქსელების აუდიტორიას სთავაზობს ახალ რუბრიკას, რომელიც ლაივ/ვიდეო კონცერტების საშუალებით გაგაცნობთ ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანებს და მათ შემოქმედებას.
საელჩოს ახალი პროექტი მიზნად ისახავს პანდემიით შექმნილ რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ხელოვანების ხელშეწყობას და მათი შემოქმედების გაცნობით აუდიტორიისთვის ქართული კულტურისა და სამუსიკო ხელოვნების გაცნობას.
“გვეამაყება, რომ ავსტრიაში არაერთი ქართველი ხელოვანი მოღვაწეობს, რომლებიც თავისი საქმიანობით ჩვენი ქვეყნის საამაყო ელჩები არიან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ავსტრიულ-ქართული ურთიერთობების განვითარებაში. ჩვენს პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ავსტრიაში სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე ქართველი ხელოვანები, რომლებიც სპეციალურად საელჩოს რუბრიკისთვის ვიდეო და ლაივ ჩანაწერებით წარდგებიან თქვენ წინაშე. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი ახალი პროექტით შევძლებთ ჩვენი საამაყო ხელოვანების გამხნევებას და ამასთან, ამჟამად არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ჩვენი აუდიტორიის გახალისებას ” – ამბობენ საქართველოს საელჩოში.
ვიდეო-კონცერტების თარიღი წინასწარ განთავსდება საელჩოს ფეისბუქის გვერდზე, ხოლო კონცერტის ლაივ ჩანაწერი დაანონსებულ დროს გავა ამავე გვერდზე.