1817 წლის 4 დეკემბერს პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა

ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. მისი მამა, მელიტონ ბარათაშვილი თარჯიმნის პროფესიასაც ითავსებდა. დედა – ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 – 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მიღებაზე, რუსეთში გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მელიტონ ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. მეტისმეტმა ხელგაშლილობამ მამამისი, მელიტონ ბარათაშვილი ისე გააკოტრა, რომ პოეტის ბიძა, ზაქარია ორბელიანი 1835 წლის 18 თებერვალს თბილისიდან სწერდა გრიგოლ ორბელიანს: “ოჰ, როგორ დაღუპა მელიტონმა თავისი სახლი და ცოლშვილი, ერთი გროში არა აქვსთ. ან რით უნდა დაიმარხოს, და ან რით უნდა იცხოვროს ცოლშვილმა იმის შემდეგ, ვინც დარჩება. ეხლაც ზღვაა ამის ხარჯი შინ, ვგონებ 5000 რუბლს ხარჯავდეს წელიწადში და საბოლოოდ კი ფიქრი არ ჰქონია.“

ნიკოლოზ ბარათაშვილმა პირველი ლექსები გიმნაზიაში დაწერა და გამოაქვეყნა. პირველი დიდ დაბრკოლება სამხედრო კარიერის გზაზეც გიმნაზიაში მიიღო – ტატო კიბიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა.

“აგერ წელიწად ნახევარია, რაც მე გიმნაზიაში კურსი დავასრულე და ვიმყოფებოდი სუდაირასპრავაში. წარდგენილი ვარ ჩინზე და ჩქარაც მოველი. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არც პანციონში ყოფნის დროს, когда будущностъ моя представляласъ мне в радужных мечтаниаях, და არც მერმე, ვიდრე სამსახურში შევიდოდი, სულ არ მომსვლია ფიქრად სამოქალაქო სამსახური: ჩემი სურვილი იყო ჯარის-კაცობა, იგი მზრდიდა მე აქამომდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ შთამეპარება ხვალმე გულში. მაშ რაღამ დამიშალა, თუ კი ჩემი სურვილი იყო? აი, რამ დამიშალა: ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და, თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხვაგან არ მიგიღებენო. მაშინ, როდესაც უკედ მქონდა და კარგადაც მაქვს. ასე რომ, ჩემებურად კიდეც ვხტი და კიდეც ვტანცაობ. მაგრამ რადგანაც შევიტყვე უარი მათი და მით უსიამოვნება, ვსთხოვე უნივერსიტეტში მაინც გაგზავნა, რომ თუ შტატსკი ვიყო, ვიყო… არც ეს შემისრულეს. უბედურებისა გამო, მამაც ამ დროს ავად შეიქმნა და ავადმყოფი ჩემს თხოვნაზე ასე მეტყოდა: “შვილო, ხომ ჰხედავ შენის სახლის გარემოებასო, იქნება მე ვეღარც კი გავაწიო ამ სნეულებასო, შენს სახლს არ უპატრონებო?” ამის შემდეგ გული აღარ იყო, რომ კიდევ შემეწუხებინა მამა ჩემის თხოვნით. დავრჩი ისევ ჩემს მამულში; განვწესდი სამსახურში და დაუმორჩილდი ჩემს მკაცრს ბედსა, ან ჩემი ბედი და ან ჩემი სურვილის აღსრულება.” – წერდა ტატო თავის ბიძას, გრიგოლ ორბელიანს.

1836-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 წელს დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა.

ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 წელს განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

პოეტმა მხოლოდ 27 წელი იცოცხლა, ობლადაც დარჩა და უცხო მიწაზეც გარდაიცვალა. არც სიყვარულში გაუმართლა, არც ცხოვრებაში და არც კარიერაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.