ვანკუვერში ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა
ბრიტანეთის კოლუმბიის ქართული დიასპორული ორგანიზაციისა და კანადაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, ვანკუვერის ცენტრალურ სტენლის პარკში 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.
ამ საკითხზე ვანკუვერის მერიასთან რამდენიმე თვე მიდიოდა მოლაპარაკებები. საელჩომ და დიასპორულმა ორგანიზაციამ ერთობლივად გაიღეს მემორიალის დადგმისთვის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური გადასახადი .
ვანკუვერის მერიის რეგულაციების შესაბამისად, ცნობილი და პოპულარული ვანკუვერელებისადმი მიძღვნილი მემორიალების მსგავსად, სტენლის პარკში განთავსებულ ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალსაც სპეციალური სკვერის სკამის სახე აქვს, რომელზეც ნოდარისადმი მიძღვნილი წარწერაა გაკეთებული. ეს მემორიალი მინიმუმ 10 წელი იდგება ვანკუვერში.” – ნათქვამია კანადაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
ბოლო წლების განმავლობაში საელჩო, ბრიტანეთის კოლუმბიის ქართულ დიასპორულ ორგანიზაციასთან ერთად, პატრონაჟს უწევს ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და პროექტებს, რომელთა მიზანია კანადის საზოგადოებას გააცნოს ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი და კანადელებში გაზარდოს საქართველოთი დაინტერესება.