FIBA-ს განახლებულ რეიტინგში საქართველოს კალათბურთის ნაკრები დაწინაურდა
ევრობასკეტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის FIBA-ს განახლებულ რეიტინგში, შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებამდე, საქართველოს კალათბურთის ნაკრები დაწინაურდა და ახლა ევროპაში მე-12 ადგილზეა.
საქართველოს ნაკრებმა უკან ჩამოიტოვა ევროპის ჩემპიონი სლოვენია და რუსეთის ნაკრები, რომელიც მე-13 ადგილზეა.
„კალათბურთი საქართველოში ძალიან უყვართ და ალბათ უფრო პოპულარული გახდება, თუ მომდევნო ორ შეხვედრას მოიგებენ,“ – აღნიშნულია FIBA-ს განცხადებაში.
საქართველოს ნაკრები ფინეთს 28 ნოემბერს, ხოლო 30 ნოემბერს კი შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ჩვენმა გუნდმა უკვე დაამარცხა შვეიცარია ანგარიშით 96:88 და სერბეთი 94:90 და ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება.