“იყიდება სამსახური”  – ქართველი ემიგრანტი არალეგალური ბიზნესის შესახებ

ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი უცხოეთში დასაქმებისათვის ე.წ დამსაქმებელს გარკვეულ რაოდენობის თანხას უხდის. ე.წ “სამსახურის გაყიდვა” საკმაოდ გავრცელებული, თუმცა არაკანონიერი და არაკეთილსინდისიერი პრაქტიკაა, რომელიც უსამართლოდ აწვება ქვეყანაში ჩასული ისედაც გაჭირვებული ემიგრანტის ჯიბეს. სწორედ ამგვარ პრაქტიკაზე წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ლელა ლაჩაშვილი და მოუწოდებს ქართველ ემიგრანტებს, მეტი გულისხმიერება გამოიჩინონ თანამემამულეების მიმართ. 

“ემიგრანტებო, ვითხოვ ყურადღებას!

მოგეხსენებათ, საქართველოში მძიმე სოციალურმა და ეკონომიკურმა პირობებმა გამოიწვია ქართველების მასობრივი მიგრაცია უცხო ქვეყნებში. ამ მხრივ არც იტალიაა გამონაკლისი. ყოველდღიურად უამრავი თანამემამულე (ძირითადად ქალბატონი) ტოვებს ოჯახს იმ იმედით, რომ აქ იშოვნის სამუშაოს და შეღავათს მისცემს ბანკის ვალით წელში გაწყვეტილ ოჯახს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ არც ერთმა საემიგრაციო სამსახურმა თავის დროზე , არ იზრუნა ან ვერ იზრუნა მათ დასაქმებაზე. ამიტომაც ეს საქმე ბევრმა არალეგალურ ბიზნესად გაიხადა.

ახალ ჩამოსულ ემიგრანტებს ხვდებიან ეგრეთ წოდებული “დამსაქმებლები”, რომლებიც ასევე ჩვენი თანამემამულეები არიან. სთავაზობენ თავშესაფარს, უცხო გარემოში მოხვედრილ დაბნეულ ადამიანებს, წინასწარი თანხის გადახდით ყოველგვარ კომფორტს მოკლებულ “სადგომებში”. საკმაოდ დიდხანს ამყოფებენ უმუშევრად, იმ ინტერესით, რომ მეტი თანხა ამოიღონ ამა თუ იმ პიროვნებისაგან. ხოლო მოგვიანებით, როცა სამსახურს შოულობენ, ასევე დიდ თანხას (ხშირ შემთხვევაში მთელი თვის ხელფასს) ითხოვენ სამსახურის სანაცვლოდ. არ გადახდის შემთხვევაში ადგილი აქვს მუქარას, მორალურ შეურაცხყოფას და პირად ანგარიშსწორებას.

თუმცა დამსაქმებელს ვინღა დაეძებს, როცა ბევრი ემიგრანტი ყიდის საკუთარ სამსახურს, მაშინაც კი, როცა ამ სამსახურში არაფერი გადაუხდია. (უკრაინელი, რუსი, პოლონელი, რუმინელი ყველა უფულოდ იძლევა სამსახურს) მხოლოდ ნომრის მიცემაში იღებს ზოგი ფულს და არ რცხვენია. ჩვენ თუ თვითონ არ არ გავხდით უფრო ჰუმანურები საკუთარი ხალხის მიმართ, ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი, ამასაც ხომ კანონი არ სჭირდება, დაეხმარო გაჭირვებულ ადამიანს, ეს დაუწერელი კანონია და მორალი გვკარნახობს თითოეულს. არ ვიცი, რა ვთქვა. როცა ბარიში მომიწია უმუშევრად ყოფნა, მეტად ამეხილა თვალი. ის რაც აქ მესმის ყურმოკვრით, ( ჩემთან ასე აშკარად არ საუბრობენ) მოლოდინს გადააჭარბა. ერთი და იგივე სამსახურს სადაც ერთი დღეც კი გაძლება შეუძლებელია მრავალჯერადად ყიდიან, ახალჩამოსულებზე და არამხოლოდ. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ყველა ასე არაა. ახლა როცა მსოფლიო პანდემიამ ისედაც საფრთხის წინ დაგვაყენა, იქნებ დროა გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს.

თუ არა და სხვას მაინც ნუ დავაბრალებთ საკუთარ უბედურებას.

პ.ს. ამ ხალხს ამდენი დამცველი იმიტომ ჰყავს, რომ ეს ხალხი დონორია მათი, ესენი აძლევენ დამსაქმებელს სამსახურს და წილში გადიან. ეფარებიან მათ სახელს, ესენი ყველაზე უნამუსო ხალხია.

რა ქნან აბა, არ დაიცვან? კუდს ხომ არ მოიჭრიან თითონ. ასე რომ არ იყოს, ჩვენ მოგვაწვდიდნენ სამსახურებს და გვთხოვდნენ მიიტანეთ უმუშევრამდე, ღმერთი გიშველითო. ვისაც თითონ ვერ მისწვდებოდნენ, სხვისი ხელით მიაწვდიდნენ. მაგრამ არა, დაყარაულებულები არიან პირიქით, საიტიდან აგცინცლონ რამე და გაყიდონ. მერე იმით “ზმანები” იყიდონ და გაიპრანჭონ. შვილებს გაუგზავნონ სხვისი ნაოფლარ-ნაწამები. ის კი არ იციან, რომ ცოდვას უგზავნიან და შეურგებელ, არამ, ცრემლიან, ლუკმას საცოდავებს”- წერს ლელა ლაჩაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები