“ტალინის ბნელი ღამეებს ფესტივალის” ფარგლებში ზაზა ურუშაძის “ანტონი” უჩვენეს 

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ტალინის ბნელი ღამეების კინოფესტივალის (Tallinn Black Nights Film Festival – PÖFF) ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, 21 ნოემბერს, ტალინის კინოთეატრ აპოლოში გაიმართა ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, ზაზა ურუშაძის ბოლო ნამუშევრის “ანტონის” ესტონური პრემიერა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა და ფესტივალის დირექტორმა ტიინა ლოკმა.

არჩილ ყარაულაშვილმა, დამსწრე საზოგადოების წინაშე მიმოიხილა საქართველოსა და ესტონეთს შორის კინოინდუსტრიის სფეროში აქტიური თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა ზაზა ურუშაძის წვლილს ამ მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხში.

ფესტივალის დირექტორმა, ტიინა ლოკმა აუდიტორიას წარუდგინა ფილმი “ანტონი” და მიმოიხილა ფესტივალის ფარგლებში ზაზა ურუშაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პროგრამა, რომელიც, “ანტონთან” ერთად, მაყურებელს სთავაზობს რეჟისორის კიდევ ორ ნამუშევარს – “მანდარინები” და “სამი სახლი.”

ფილმის ჩვენებამდე, მაყურებლის წინაშე, ასევე ისაუბრეს კომპანია “Allfilm”-ის წარმომადგენელმა, ქართულ-ესტონური ფილმების “მანდარინების”, “აღსარებისა” და “საშიში დედის” პროდიუსერმა, ივო ფელტმა, ასევე ფილმის “ანტონი” მთავარი როლების შემსრულებლებმა ნატალია რიუმინამ და სებასტიან ანტონმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის წრეებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე,ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ესტონეთში წარმოდგენილი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წევრები.

საელჩოს ორგანიზებით, ფილმის ჩვენებაზე მოსულ სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაც მიეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.