ისტორია და ისტორიები საქართველო და ქართველები სლაიდერი

21 ნოემბერი გიგო გაბაშვილის დაბადების დღეა

მხატვარ გიგო გაბაშვილს (1862-1936) და ილია ჭავჭავაძეს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდათ. ილია ყოველთვის ხელს უმართავდა ფერმწერ რეალისტ მხატვარს. უფრო მეტიც, როცა ფოტოგრაფიით გატაცება შეატყო, პირველი ფოტოაპარატი სწორედ ილია ჭავჭავაძემ შეუძინა.

როგორც ცნობილია, ილიას ძალიან უყვარდა კაბინეტში და საერთოდ, საცხოვრებელ სახლში ისტორიული სურათების, ნახატების გამოფენა და გიგო გაბაშვილი საგანგებოდ უხატავდა და ჩუქნიდა ილიას ბატალურ სცენებს, ისტორიულ თემატიკაზე შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს.

ილიას პორტრეტი, რომელიც გიგო გაბაშვილმა ილიას მკვლელობის მერე დაასრულა, გამორჩეული ფერწერული ნამუშევარია, რომელიც ილია ჭავჭავაძის მედგარ ბუნებას გადმოსცემს.

გიგო გაბაშვილმა შექმნა აკაკი წერეთლის ფერწერული პორტრეტიც. აი, ასე იხსენებს მხატვარი გიგო გაბაშვილი აკაკი წერეთლის ფერწერული ტილოს შექმნის ისტორიას:

« აკაკის პორტრეტზე 1908 წლის ზაფხულში დავიწყე მუშაობა და კოსტუმში ვხატავდი. შეთანხმებული ვიყავი მგოსანთან, რომ იგი რამდენჯერმე უნდა მოსულიყო ჩემთან. იმისთვის, რომ ნატურიდან დამემთავრებინა და შემდეგ დამოუკიდებლად მემუშავა პორტრეტზე. მაგრამ როდესაც მეორედ გამოცხადდა პოეტი სახელოსნოში, უკვე გვიანი შემოდგომა იყო, ზამთრის პირი და პალტო რომ გამეხადა, მოსალოდნელი იყო აკაკის გაცივება, ვინაიდან სახელოსნო არ თბებოდა, არადა, მე არ მინდოდა მისი პალტოში დახატვა. აკაკიმ კი დაჟინებით მოითხოვა, გინდა თუ არა ამ პალტოში უნდა დამხატოო, ეს პალტოა ჩემთვის დამახასიათებელიო. ბოლოს თავის ჩვეულ ხუმრობასაც მიმართა: «ნუთუ ვერ ხვდები, რატომ მინდა ამ ცუდ პალტოში დამხატო? ახლა სულ მალე ჩემი იუბილე იქნება და ხალხი ცუდ პალტოში რომ მნახავენ, იუბილეზე ბევრ საჩუქრებს მომიტანებენო».

გიგო გაბაშვილი მეგობრობდა დავით სარაჯიშვილის ცოლის ძმასთან-ადამ ფორაქიშვილთან. დავით სარაჯიშვილი მას მატერიალურ დახმარებას უწევდა და მიუნხენში სასწავლებლადაც გააგზავნა. სწორედ გერმანიაში გაიცნო მხატვარმა მომავალი მეუღლე, ავსტრიელი ქალბატონი.

გიგო გაბაშვილი მეუღლესთან, მიულბაულ ოლიმპიასთან ერთად, დღევანდელი სამხატვრო აკადემიის მარცხენა ფლიგელში ცხოვრობდა.

გიგო გაბაშვილმა, რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ფოტოგრაფიისადმი დიდი ინტერესი გამოხატა.

საბჭოთა პერიოდში მისი თამამი რეალისტური ფოტონამუშევრები სახელმწიფო მუზეუმში ინახებოდა და საზოგადოებისთვის დაფარულ თემად რჩებოდა.

1936 წელს, გიგო გაბაშვილს კომუნისტურმა ხელისუფლებამ აჭარის ციტრუსის პლანტაციების დიდი პანოს შესრულება შეუკვეთა. მხატვარი ციხისძირში ჩავიდა, უეცრად ცუდად გახდა, გული გაუსკდა და გარდაიცვალა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გიგო გაბაშვილმა ანდერძი შეადგინა, რომლის მიხედვითაც თავის ნამუშევრებს სახელმწიფოს უტოვებდა და ითხოვდა მათ განთავსებას ერთ სივრცეში.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მხატვრის საფლავს ისტორიკოსმა ლევან ურუშაძემ მიაგნო რამდენიმე წლის წინ.

21 ნოემბერი გიგო გაბაშვილის დაბადების დღეა.

წყარო: Académie géorgienne-française. ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია

სხვა სიახლეები

“ესეც შენი ენაკვიმატი გურულებიო!”

Editor

პლასტელინით გამოხატული მადლიერება – 11 წლის მათეს შემოქმედება

Editor

პირველი სილამაზის კონკურსის –  „მის მსოფლიოს“ ქართველი გამარჯვებულის ისტორია 

Editor

5 მარტს ქართველი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის თამაზ ჭილაძის დაბადების დღეა

Editor

დავით აღმაშენებლის მონეტა ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმის ონლაინგამოფენაზე მოხვდა

Editor

ირაკლი ბეჟუაშვილი აივი ლიგის (Ivy League) სამმა უნივერსიტეტმა მიიღო

Editor