დიასპორები სლაიდერი წერილები

“მშვიდობით, ემიგრანტობის ერთო წელიწადო” – წერილი 

ცხოვრება ემიგრაციაში იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე ეს შორიდან ჩანს – მძიმე სამუშაოს არანაკლებ მძიმე სულიერი მდგომარეობა ემატება, სახლის, ოჯახისა და ახლობლების მონატრება კი არასდროს ნელდება. იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თეონა ჭანტურია საკუთარ წერილს გვიზიარებს და “ქართული კვირის” მკითხველს იმის შესახებ უყვება, როგორია ემიგრანტობის 1 წელი. 

“ვერ ვიძინებ, ვერც შარშან ამ დროს ვიძინებდი, რადგან ვიცოდი, სულ რაღაც ხუთ საათში უნდა გავფრენილიყავი შორს, ძალიან შორს სახლიდან, ჩემი ქალაქიდან, ჩემი საქართველოდან… ისიც კი არ მქონდა გათავისებული, სად, რა სიძნელეებთან შესაგუებლად ვაპირებდი წასვლას. უკიდურესობა რომ არა, ქალმა ოჯახი არასოდეს არ უნდა დატოვო… მეგონა, ქვეყანა იქცეოდა, რომ გაცილებდიო – მულმა მითხრა დღეს ტელეფონში. ირგვლივ ყველა ხალისობდა, ჩემები კი იყვნენ სრულიად ჩუმად ,  უხმოდ.  ჩემი შვილი მეკვროდა ხოლმე დროდადრო და ისე მტკიოდა, მერე რომ მშორდებოდა, მეწვოდა სხეული. დას სრულიად კაფანდარას, ფერი აღარ ედო, ნიკუშა გაბურძგნული წვერით უხმოდ მომყვებოდა გვერდით… არ ვიცი, რა იყო ეს სიზმარივით გავლილი საათები, სახლიდან დედამ გამომაცილა, ცრემლი არ დამანახო-მეთქი, ვთხოვე და მაინც ჩუმად იცრემლებოდა. იცოდე, მალე ჩამოდი შენს სახლშიო – მომაძახა, მანქანაში რომ ჩავჯექი. ნათესავი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მაცილებდა, ერთ-ერთი აეროპორტში მუშაობდა და მინდოდა, გვერდით მყოლოდა, მე ვთხოვე წინა დღით თანადგომა და არც უთქვამს უარი ,ის გოგო საუბრობდა ხოლმე…

ახლა იმ ღამის ფოტოებს რომ ვუმზერ, ტკივილისაგან გაპობილ მზერას ვაწყდები, რადგან შვილების დატოვება მიჭირდა ძალიან,  აეროპორტში ჩემი თანამშრომლები დამხვდნენ, სიურპრიზი მომიწყვეს – გასაცილებლად მოსულიყვნენ ჩემი საყვარელი ხალხი, ტირილიც ვერ შევძელი ემოციისაგან დაცლილმა. 

იმ ღამით ჩემი ლუსი დააბეს, არასოდეს მყავდა დაბმული… გამოსამშვიდობებლად მისულს ისე შემომახტა, ისეთ ამბავში იყო, გული გამისკდა… უკან არ მომიხედავს,ძალიან შემეცოდა უჩემოდ… 

რა ჰქვია ამ თარიღს? წლისთავი ჩემი ემიგრანტული ცხოვრებისა? პარადოქსია ,14 რიცხვში დავიბადე და 14 რიცხვში აღმოჩნდი უცხო ქვეყნის ცის ქვეშ, სხვა ადამიანად , უენოდ, ყრუდ და მუნჯად და 14 ნოემბრიდან დღემდე ერთი წუთი არ გამნელებია ტკივილი და მონატრება … უფლის თანადგომას მუდამ ვგრძნობდი, უმუშევარი თითქმის ორი კვირა ვიყავი, სულ ბევრი ახლობელი ადამიანი შემომეგება ხელგაშლილი, ბევრი უცხო დამიახლოვდა, ყველამ გარკვეული გზა მასწავლა და გზაც მიჩვენა, მომეფერა და კიდეც მატკინა, ჩამეხუტა და კიდეც ზურგი მაქცია… 

ამ ერთი წლის განმავლობაში მესამე სამსახურში ვარ, მესამე და სამართალიო და სანამ აქ ვიქნები, ჩემს ბაბუს არ მოვშორდები, ის ისეთი კეთილი მყავს,  მისი კარგი შვილებით მე არაფერს გულსატკენს არ ვგრძნობ, მხოლოდ როცა ჩემი გაწეწილი ელენე ამიტირდება სკაიპში, მე და ბაბუა ერთნაირად ვტირივართ და მეცოდება, ჩემს გამო რომ ტირის და მეც ვჩუმდები…..

მშვიდობით, ერთო წელიწადო, მშვიდობით,საკმაოდ ნაყოფიერი იყავი ჩემთვის, ასე ნაყოფიერადვე დავასრულო დრო მანამ, სანამ წასვლას დავაპირებ და მეტი არა მინდა რა..

მინდა, დავბრუნდე მანამ, სანამ მეხვეწებიან მალე ჩამოდიო… მინდა, დავბრუნდე მანამ, სანამ ჩემს პატარა დისშვილებს ვემახსოვრები…  მინდა, დავბრუნდე მანამ, სანამ ჩემი ჭაღარა დედა შეძლებს კარში ბედნიერმა შემომეგებოს… მინდა, დავბრუნდე მანამ, სანამ ჩემს ლუსის რომ მივესალმები და სახელს დავუძახებ, მიცნოს და ჩემკენ გამოიქცეს.” 

სხვა სიახლეები

ბოლო სპეცრეისით სამშობლოში 180 მოქალაქე დაბრუნდა

Editor

ქართული ღვინის ახალი ბრენდი ‘’Gran Nino’’ იაპონიის ბაზარზე

Editor

სანამ ჯერ კიდევ ზამთარია… გურამ დოლენჯაშვილის გენიალური გრაფიკა 

Editor

19 თებერვალს სოფიაში გიორგი სისაურის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

Editor

გიგა ჭიკაძემ UFC-ს ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა

Editor

უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთათვის დახმარების გაწევის ზოგადი კრიტერიუმები

Editor