დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს

13 ნოემბერს ქართული ეკლესია  წმინდა 100 000 ტფილელი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

1226 წელს, ხვარაზმის  სულთანმა ჯალალ ად-დინმა, ტფილისში მცხოვრები სპარსების ღალატის მეშვეობით, საქართველოს დედაქალაქი დაიპყრო. მისი ჯარები ქალაქს შეესივნენ და არნახული სისასტიკით იწყეს მოსახლეობის ჟლეტა.

ჯალალ ად-დინმა სიონის ლავრიდან წმიდა ჯვარი ჩამოაგდო, გუმბათი სულ გადაანგრია სიონს და მის ადგილზე თავისი ტახტი დაიდგა და მოაყვანინა სიკვდილს გადარჩენილი, უიაღაღო, დატყვევებული მოქალაქენი, ქალები, ბავშვები, მოხუცები, ინვალიდები და ბრძანა სიცოცხლე ეჩუქებინათ მხოლოდ მათთვის, ვინც ქრისტიანობას უარყოფდა და მაჰმადის რჯულს შეუდგებოდა. რიგ – რიგად შემოჰყავდათ ქრისტიანები,  მათ  ფეხი უნდა დაედგათ მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებისათვის და ამგვარად მიეღოთ მაჰმადიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილით დასჯიდნენ ურჩებს.

ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. იმ დღეს ასი ათასზე მეტი  წმინდანი შეემატა საქართველოსა და მართლმადიდებლურ სამყაროს, რომელთა ხსენება ყოველთვის „ქებით აღესრულების“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.