ახალი ამბები ინტერვიუ სლაიდერი ტურიზმი

 „გაიცანი შენი თბილისი“ – ახალი პროექტი მეგზურთა მხარდასაჭერად​

შეიძლება, ფიქრობდეთ, რომ თბილისის შესახებ ყველაფერი იცით, თუმცა თუ მეგზურთან ერთად დედაქალაქს ფეხით მოივლით, აქამდე თქვენთვის უცნობ და საინტერესო ბევრ ფაქტს აღმოაჩენთ. რას გვპირდება პროექტი „გაიცანი შენი თბილისი“, რომელიც მეგზურთა მხარდასაჭერად შეიქმნა, ამის შესახებ პროექტის ინიციატორს, გრატა დიემსის გენერალურ დირექტორს, ირმა კოდუას და პროექტის მონაწილეს, მეგზურ ელზა ბებიას ვესაუბრეთ.

ირმა კოდუა

_ მოგვიყევით პროექტის შესახებ, რა მიზანს ემსახურება ის და როგორ უნდა ჩაერთონ მსურველები თბილისის საფეხმავლო ტურებში?

_ პროექტის შექმნის მთავარი მიზანი პანდემიის შედეგად საქმიანობის გარეშე დარჩენილი მეგზურების მხარდაჭერა და ადგილობრივი ტურიზმის პოპულარიზაცია იყო. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არსად ტარდება კულტურული, შემეცნებითი თუ გასართობი ღონისძიებები, ჩვენი სურვილი იყო, შეგვექმნა ისეთი პროექტი, სადაც მოვახერხებდით ვირუსის პრევენციისთვის დადგენილი წესების დაცვას და ამავე დროს, ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებას, აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა, მოქალაქეებისთვის შეგვეთავაზებინა საინტერესო, საფეხმავლო ტურები თბილისში, რომლებიც ძირითადად ქალაქის კულტურის, მისი ღირსშესანიშნაობების, შემეცნებითი ხასიათის იქნებოდა, სადაც უსაფრთხოდ შეძლებდნენ მონაწილეობის მიღებას, როგორც უფროსები, ასევე ბავშვები. საფეხმავლო ტურების ხანგრძლივობა 2-3 საათს გრძელდება და მისი ღირებულება შეადგენს 20 ლარს ერთ ადამიანზე, რომელიც სრულად მეგზურის ანაზღაურებაა. თავდაპირველად პროექტი სატესტო რეჟიმში დავიწყეთ, ჩვენი მხარდამჭერი გახდა თბილისის მერია და თბილისის საკრებულოს კულტურის და განათლების კომისია, მალე საკმაოდ პოპულარული გახდა, ბევრ ადამიანს გაუჩნდა სურვილი სოლიდარობა გამოეხატა მეგზურებისთვის და თან დედაქალაქში, სუფთა ჰაერზე სეირნობაც შინაარსობრივად დატვირთული და საინტერესო გაეხადა. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა, სადაც განთავსდებოდა ტურები და მსურველები პირდაპირ შეძლებდნენ ტურების დათვალიერებას და დაჯავშნას.

პლატფორმაზე grataevents.com ყოველდღე ვამატებთ ტურებს, რადგან დღითი დღე ახალი მეგზური ემატება პროექტს საკუთარი საავტორო ტურებით. ჩვენი სურვილია მაქსიმალურად ბევრი მეგზური ჩაერთოს პროექტში, რათა რეალური მხარდაჭერის აღმოჩენა შევძლოთ მათთვის და გადავარჩინოთ მეგზურის პროფესია, რომელიც პანდემიის გამო ყველაზე არამოთხოვნად პროფესიად იქცა.“

 

 მეგზური ელზა ბებია, პროექტის მონაწილე

_ პანდემიამდე გქონდათ თუ არა თბილისის ტურებზე მოთხოვნა  ადგილობრივებისგან და რატომ არის ეს ტურები საინტერესო მოქალაქეებისთვის?

_ პანდემიამდე ჩვენ, გიდები აქცენტირებულები ვიყავით სტუმრებზე,უცხოელებზე. ცალკეული პირების თუ კომპანიების მიერ იგეგმებოდა ტურები საქართველოს მასშტაბით, თუმცა ამ ტიპის საფეხმავლო ტურები მანამდე არ ყოფილა. გარდა იმისა, რომ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია მეგზურების მხარდაჭერის თვალსაზრისით, გვეხმარება არ დავკარგოთ ფორმა, არ გადავნაწილდეთ სხვა სექტორში, ის ასევე ძალიან საინტერესოა თავად მოქალაქეებისთვის, იმიტომ, რომ მათ ეძლევათ საშუალება, სრულიად სხვა კუთხით დაინახონ საკუთარი ქალაქი, აღმოაჩინონ ის ხელახლა და დაეუფლოთ ის აღფრთოვანება, რაც ეუფლებათ უცხოელებს ჩვენი ქალაქის გაცნობისას.

_ რას ეხება თქვენი საავტორო ტური და რას გაიგებენ თქვენს ტურში ადგილობრივები?

_ პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნა საავტორო ტურის წარდგენა იყო, ამიტომ შევქმენი ჩემი საავტორო, საფეხმავლო ტური, რომელიც  ეხება ჩვენი ქალაქის უნიკალურ არქიტექტურას, თბილისური სახლების ისტორიას, მოიცავს მე-19 საუკუნის ბოლოდან აგებულ გამორჩეულ სახლებს, სასახლეებს, ეს იქნება ნამდვილი აღმოჩენა, გავეცნობით მრავალფეროვან არქიტექტურულ შედევრებს, ეს იქნება კლასიციზმის, ბაროკოს, ნეოგოთიკის, არტნუვოს ჟანრში, თითოეულისთვის დამახასიათებელი დინამიკურობით, ფორმების სიმდიდრით და რაც ყველაზე საინტერესოა  თითოეული ამ სტილის თბილისური ვარიაციით, როგორც ვამბობთ ხოლმე, ” წინ ევროპა, უკან თბილისი”, დავათვალიერებთ მეპატრონეთა სავიზო ბარათებს- თბილისის უნიკალურ სადარბაზოებს, საგანგებოდ გაფორმებული ვესტიბიულებით, მოზაიკით, ცხაურებით. ესყველა მონაწილისთვის იქნება ჩვენი ქალაქის ხელახალი აღმოჩენა.

სხვა სიახლეები

ინფორმაცია ოსლოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

Editor

მექსიკაში საქართველოს საელჩომ ქვეყნის უმსხვილესი მწარმოებელი ფირმის ხელმძღვანელს უმასპინძლა

Editor

ბორბალი უკან რომ დატრიალდეს, ისევ იმ სინათლის გზით ვივლიდი!

Editor

საქართველო ერევნის საქველმოქმედო ბაზრობაში მონაწილეობდა

Editor

გიორგი შავგულიძე – “კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს”

Editor

აჭარაში გიდების დროებითი დასაქმების პროგრამა ამოქმედდა

Editor