აჭარულ ნაქარგობას და სულგუნს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას” და “სულგუნის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 2020 წლის 2 ნოემბრის ბრძანებაში აღნიშნულია:

 „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – „ტრადიციული აჭარული ნაქარგობა” და “სულგუნის ტრადიცია საქართველოში“.

„ტრადიციული აჭარული ნაქარგობის” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც ავრცელებს.

„აჭარაში ხელსაქმეს ტრადიციულად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. აჭარაში ნაქარგობა პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა. ქარგვის ტრადიციები აჭარაში ზოგადქართული ტრადიციული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი საინტერესო გაგრძელებაა.

აჭარულ ნაქარგობაში გამორჩეულია ორნამენტი და სიუჟეტური მრავალფეროვნება. ძირითადად დამახასიათებელი იყო მცენარეული, ცხოველური და ანთროპომორფული სახეები. გვხვდება გეომეტრიული ფორმებიც. აჭარულ ნაქარგობას მჭიდრო პარალელები ეძებნება ქართულ საეკლესიო ნაქარგობაში გამოყენებულ მხატვრულ-სიმბოლურ ფორმებთან. ასეთებია: ჯვარი, ვარსკვლავი, რომბი, მასში ჩაქარგული ჯვარი ან რომბში მოქცეული ჩიტები, თევზები, მზის სიმბოლოები, ირმები, მიხაკები და ოთხყურა მცენარეული ორნამენტები. განსაკუთრებით კი საინტერესოა სიცოცხლის ხის თემის ფორმათა გადმოცემის ვარიანტები,“ – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრძანება ძალაში 11 ნოემბერს შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.