“ქართველი ქალი ლეჩაქით” – ფიროსმანის ტილო შტეფან ცვაიგის პირად კოლექციაში
ფიროსმანის ნახატი “ქართველი ქალი ლეჩაქით” 1928 წელს ავსტრიელ მწერალს, შტეფან ცვაიგს შეუძენია. შარშან ნამუშევარი “სოთბის” აუქციონზე 2 230 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.
ცვაიგმა ნახატი მოსკოვში მოგზაურობისას შეიძინა და ის 1934 წლამდე ზალცბურგში, მის სახლში ეკიდა. მწერლის გარდაცვალების შემდგომ, 1953 წელს, მისმა მეუღლემ ფიროსმანის ნამუშევარი ამერიკელ მთარგმნელს – ჰარი ზონს აჩუქა; ზონმა კი ნახატი ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა, სადაც „ქართველი ქალი ლეჩაქით“ 1981 წლიდან მოყოლებული, შტეფან ცვაიგის ოთახში ეკიდა.
„ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოთბის აუქციონის რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი, თუმცა მითითებული იყო, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარია. აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატის რუსულ მხატვრობის სექციაში მოხვედრა იმან განაპირობა, რომ სოტბის ქართული სექცია არ აქვს.
შორენა პაპაშვილი