პროექტი – „ინგლისური ენის სასწავლო კურსი ემიგრანტებისთვის“ დაიწყო 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისათვის ინგლისური ენის შემსწავლელი დისტანციური სასწავლო კურსი დაიწყო. სასწავლო კურსი საგარეო უწყების სახელმწიფო საგრანტო კონკურსის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ 2020 წლის გამარჯვებულის, ნათია აგლაძის პროექტის – „ინგლისური ენის სასწავლო კურსი ემიგრანტებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.

ინგლისური ენის შემსწავლელ დისტანციურ პროგრამას 50-მდე სხვადასხვა ასაკის ქართველი მსმენელი ჰყავს როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისე ევროპის ქვეყნებიდან. სპეციალურად საზღვარგარეთ მყოფი თანამოქალაქეებისათვის განკუთვნილი აღნიშნული კურსი 3 თვე – მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტს კოორდინირებას უწევს ვაშინგტონში მცხოვრები თანამემამულე, ნათია აგლაძე.

„ინგლისური ენის სასწავლო კურსი ემიგრანტებისთვის“ ერთ-ერთია იმ 45 დიასპორულ პროექტთაგან, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დააფინანსა.

საერთო ჯამში, 2019 და 2020 წლებში, „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო საგრანტო პროგრამის ფარგლებში სულ დაფინანსებულ იქნა 73 დიასპორული პროექტი, ბენეფიციართა რაოდენობამ კი 50 000-მდე თანამემამულე შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.