ქართველმა მოსწავლეებმა კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავეს 

კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ოლიმპიადაზე „სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის“ (SCSA) საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა 1-ლი ადგილი აიღეს. საქართველოს ნაკრების წევრებმა რეზიკო ჩალაძემ, გიორგი ჩარგეიშვილმა და გიორგი პაპავამ ნაშრომი სოციალურ ინჟინერიაში შექმნეს, რითიც მოიპოვეს კიდეც გამარჯვება. 

საუბარია მეექვსე საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაზე “Ways and Mechanisms of Ukraine’s information space protection from harmful information and psychological influences“, რომელიც ოდესის კომუნიკაციების ნაციონალური აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 12 გუნდი უკრაინიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან და პოლონეთიდან. მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით,  ოლიმპიადა „ონლაინ“ გაიმართა.

„მათ, სოციალური ინჟინერიის მიმართულებით საკმაოდ ვრცელი, 20-გვერდიანი ნაშრომი მოამზადეს, რომელიც მოიცავს თეორიულ ნაწილს სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზე ორიენტირებულ კიბერთავდასხმებზე.  ასევე ჩაატარეს კვლევა, გააანალიზეს, რა ტიპის თავდასხმები იყო უფრო პოპულარული მსოფლიოში და საქართველოში, ბოლოს კი დაადგინეს რამდენიმე სახის სტატისტიკა. მაგალითად, ის რომ კიბერთავდასხმების უმრავლესობა, მათ შორის ბოლო წლებში, საქართველოზე განხორციელებული თავდასხმები ზუსტად სოციალური ინჟინერიის ელემენტით იწყებოდა და შემდეგ გადადიოდა სხვა სტადიებში. კვლევის ფარგლებში, ასევე განსაზღვრეს წესები, რაც მომხმარებლებმა კიბერუსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვან“, – ამბობს გიორგი იაშვილი, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი.

სკოლა, რომლის მოსწავლეებმაც ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს, „სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის“ ერთ-ერთი პროექტია. ასოციაცია, კიბერუსაფრთხოების კუთხით, სამეცნიერო და პრაქტიკულ პროექტებზე მუშაობს. ამავე თემაზე ატარებს ტრენინგების. მოსწავლეები ოლიმპიადაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა მაქსიმ იავიჩმა და ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი იაშვილმა წარადგინეს.

მარკეტერი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები