იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 180 წელი გავიდა 

“ხალხის განათლება დედაბოძია, მთავარი ბურჯია ქვეყნის კეთილდღეობისა, ბედნიერებისა.”

27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის  დაბადებიდან 180 წელი გავიდა.

​იაკობ გოგებაშვილი ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში, 1855 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში.

იგი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.

იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია  სასკოლო სახელმძღვანელოები – „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“(1865),  „ბუნების კარი“ (1868),  „დედა ენა“ (1876), „რუსკოესლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.