ისტორია და ისტორიები მხოლოდ ქართული სლაიდერი

ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 175 წელი გავიდა

ნიკოლოზ ბარათაშვილი გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში დაიბადა. მისი მამა, მელიტონ ბარათაშვილი თარჯიმნის პროფესიასაც ითავსებდა. დედა – ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო.

თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში სწავლისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მიღებაზე, რუსეთში გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მელიტონ ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა.

მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად „ამა სოფლის ამაოებათაკენ“ უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ ცხოვრებას.

ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს.

1836 წლიდან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 წელს დაინიშნა ნახიჩევანშიმაზრისმმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 წელს განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

თბილისში არსებობს მისი სახელობის აღმართი, ქუჩა, მოედანი და ხიდი.

ბარათაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია დროის შედარებით მცირე მონაკვეთს მოიცავს (1833-1845), მაგრამ ამ ხნის მანძილზე მან მსოფლმხედველობრივი და მხატვრული განვითარების უაღრესად მნიშვნელოვანი გზა განვლო. ბარათაშვილმა ქართულ ლიტერატურას აჩუქა ისეთი ნამუშევრები, როგორიცაა “ბედი ქართლისა”, “შემოღამება მთაწმინდაზე”, “მერანი” და მრავალი სხვა.

 

სხვა სიახლეები

“მტკვარი ზოგჯერ მისი არღნის ხმით კვნესისო” – სატრფოს ქამრით შემოსილი ყარაჩოხელი ქალის ისტორია

Editor

Businessinsider: 8 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს ძველი სახლის შეძენა

Editor

თამარ დედოფალი – ხალხში დარჩენილი ლეგენდა

Editor

როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული დედაქალაქის ქუჩები

Editor

ქორწილი პანდემიისას და ველოსიპედით მოვლილი თბილისის ქუჩები

Editor

როგორ სახლებში ცხოვრობდნენ საქართველოში საუკუნეების წინ

Editor