თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გამოფენა „აბსოლუტური ცდომილება“ გაიხსნა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის (ქარვასლა) თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გამოფენა „აბსოლუტური ცდომილება“ გაიხსნა.
გამოფენაში მონაწილეობენ მხატვრები მამუკა ჯაფარიძე, ნიკო ლომაშვილი, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე, ნიკო ცეცხლაძე, ილიკო ზაუტაშვილი.
„აბსოლუტური ცდომილება”, დაუცველობის შეგრძნებით და შიშებით განპირობებული მდგომარეობის კვლევაა, რომელიც პიროვნების ჩვეული სოციალური დინამიკიდან გამოთიშვას, გაურკვეველ მომავალს და საკუთარ პრობლემებთან მარტო დარჩენას უკავშირდება.
„აბსოლუტური ცდომილება” ფიზიკასა და მათემატიკაში გამოყენებული ტერმინია, რომლითაც აღინიშნება ცდომილება ზუსტსა და სავარაუდო რაოდენობებს შორის. ეს არის ერთგვარი უზუსტობა გაზომვისას, რასაც ზოგჯერ აბსოლუტურ გაურკვევლობასაც ეძახიან. აბსოლუტური გაურკვევლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტუალური ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გახდა“, – ნათქვამია მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოფენა 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.