საქართველოში ელექტრონული აპოსტილის ინოვაციური სერვისი ამოქმედდა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო  მსოფლიოში მე-19 ქვეყანაა, რომელმაც ელექტრონული აპოსტილის ინოვაციური სერვისი დანერგა.

საქართველოში გაცემულ დოკუმენტებს იურიდიული ძალა უცხოეთშიც რომ გააჩნდეს, საჭიროა მათი აპოსტილით დამოწმება. ამ სერვისზე დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნაა.

დღეისათვის აპოსტილის სერვისი ერთსაფეხურიანი პროცედურაა და ის დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას გულისხმობს მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. სააგენტო აპოსტილით ამოწმებს სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანოების, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემულ 100-ზე მეტი ტიპის დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას და ბეჭდის ავთენტურობას. ამგვარად დამოწმებული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრი ნებისმიერი 119 სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად ელექტრონული აპოსტილი ხელმისაწვდომია მხოლოდ 18 ქვეყანაში – ესპანეთში, ბელგიაში, ავსტრიაში, ესტონეთში, აშშ-ში, არგენტინაში, ბაჰრეინში, ბოლივიაში, ჩილეში, კოლუმბიაში, ლატვიაში, ახალ ზელანდიაში, მოლდოვაში, სლოვენიაში, ვენესუელაში, დომინიკის რესპუბლიკაში, ბულგარეთსა და ბრაზილიაში. ახლა კი ამ ჩამონათვალს საქართველოც შეუერთდა. რაც შეეხება ჰააგის კონვენციის წევრ სხვა 100 სახელმწიფოს, ისინი აღნიშნულ სერვისს ეტაპობრივად დანერგავენ.

აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდებზე www.my.gov.ge და HTTPS://apostille.cra.ge/ ან ელექტრონული ფოსტის საშულებით.

ელექტრონული აპოსტილის პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები