საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აშშ-ში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებს შეხვდა

13 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან.

მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული დიასპორა საზღვარგარეთ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. მან ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში საზოგადოების, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მადლობა გადაუხადა მათ ამ რთულ პერიოდში ემიგრანტებისთვის გაწეული დახმარებისათვის.

შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, ასევე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. ამასთანავე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საგარეო საქმეთა სამინისტროს “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის” საგრანტო პროგრამის განხორციელების მნიშვნელობას. მათ ასევე აღნიშნეს, რომ პანდემიის რთულ პერიოდში, აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ქართველი ემიგრანტებისთვის გაწეული დახმარება იყო ძალზედ მნიშვნელოვანი და დროული.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას. მინისტრის მოადგილის თქმით, იგეგმება უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება, რომლის მიზანია ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების უზრუნველყოფა საცეკვაო კოსტიუმებითა და დასაკრავი ინსტრუმენტებით.

დისტანციურ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ, ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა, ქ. სან-ფრანციკსოში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან ბერიძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა.

ანალოგიური სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.