ახალი ცხოვრება ემიგრაციაში – მაია ხომერიკის ისტორია
ქალბატონი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. თანამშრომლობდა ფოთის ადგილობრივ ტელევიზიასთან, პირველი არხის შტატგარეშე კორესპონდენტი იყო და 10 წელი მოამბის რეგიონალურ კორესპონდენტად იმუშავა. იგი ფოთის 4 მერის პრესსამსახურის უფროსი, ასევე ფოთის საკრებულოს წევრი, 7 წელი „პრივატბანკ საქართველოს“ ფოთის ფილიალის მმართველი იყო და დღეს ემიგრანტია… გაიცანით მაია ხომერიკი.
– ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2015 წელს „პრივატბანკ სქართველო“, რომლის ფოთის ფილიალის მმართველი ვიყავი, საქართველოს ბანკმა შეისყიდა და უმუშევარი დავრჩი. 2 წელი ამაოდ ვეძებდი სამსახურს, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი და ვეღარ ვხედავდი საშველს, ემიგრაციაში წასვლა გადავწყვიტე. ამერიკაში მინდოდა წასვლა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იტალიაში აღმოვჩნდი და ასე შევუერთდი ემიგრანტების დიდ არმიას.
– ეს იყო შიშის, თუ ბრძოლის დაწყების პერიოდი?
– ეს იყო ზუსტად ბრძოლის დასაწყისი. ერთი პერიოდი ნოსტალგია და შიში დამეუფლა, ლამის დეპრესიისკენ წავედი. ჩემს თავს შემოვუძახე, გაიხედე, გამოიხედე რა ხდება ქვეყანაში, ადმიანები შენზე უარესად არიან, ხელი გაქვს, ფეხი გაქვს, ჭკუა გაქვს და გაინძერი ცოტა და ნახავ გამოსავალს და მაშინ შეგნებულად მივიღე გადაწყვეტილება დამეწყო ახალი ცხოვრებისთვის ბრძოლა, ოღონდ უკვე სხვაგან, ემიგრაციაში. ვინც აქ პირველად დამხვდნენ და მიმასპინძლეს გაკვირვებულები არიან – 3 წელიწადში შეძელი ის, რასაც ჩვენ 10 წელი მოვუნდითო. ამ ხნის მანძილზე მე საბუთები მოვაწესრიგე, მივიღე პერმესო, სამუშაო უფლება, დავეუფლე ენასაც, მყავს ერთი ბებო, რომელსაც ვუვლი… როცა იტალიაში ჩამოვედი ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი იმისთვის, რომ ყველანაირი სამუშაო უნდა მიმეღო, არ უნდა მეთაკილა, უნდა დამეძლია ყველაფერი, რომ მყარად დავმკვიდრებულიყავი იტალიაში როგორც ემიგრანტი.
– მყარად დამკვიდრებაში რა იგულისხმება – უკან აღარ დაბრუნდებით?
– უკან დავბრუნდები, მაგრამ ჯერ ვერა, იმიტომ, რომ ფიზიკურად უკან დაბრუნების საშუალება არ მაქვს, საბუთი, რომელიც მივიღე, კომისიის დასკვნით, 5 წლის მანძილზე საქართველოში დაბრუნების უფლებას არ მაძლევს. 5 წლის მერე, როცა საბუთს განვაახლებ, თავისუფლად შემეძლება წასვლა – წამოსვლა.
– იტალიაში ბევრი ქართველია და ალბათ ბევრ მათგანთან გაქვთ ურთიერთობა…
– მე არ ვიცი რა ხდება სხვა ქვეყნებში, მაგრამ იტალიაში იმდენი ქართველია, რომ თავი მართლა პატარა საქართველოში მგონია. ძალიან ხშირად ვიკრიბებით. მე ვცხოვრობ ფლორენციასა და ემპოლს შორის, პატარა ქალაქ ლასტრა ა სინიაში და ხუთშაბათსა და კვირას, როდესაც ვისვენებ, ხან ფლორენციაში ვარ, ხან ემპოლში, რა თქმა უნდა ვმოგზაურობ სხვადასხვა ქალაქებში. ხუთშაბათსა და კვირას ქართველები ვიკრიბებით და ერთმანეთს აზრს ვუზიარებთ, ვივიწყებთ სამუშაო პროცესებს და ხშირდ საუბარი ეხება ჩვენს ქვეყანას – როგორ ვიყავით, რა ვიყავით, რას ვფიქრობთ, რა გვინდა, როგორი წარმოგვიდგენია მომავალი… ეს ორი დღე საქართველოსთვის არის განკუთვნილი. ამ შეხვედრებზე ძალიან ბევრი ქართველი გავიცანი. წინა საახალწლო დღეებში ვიმყოფებოდი ემპოლში და სრულიად შემთხვევით მოედანზე – პიაცა ვიტორიაზე ქართველი ბიჭი აკორდეონზე უკრავდა, ყველამ პიაცაზე მოვიყარეთ თავი და ზოგს სიხარულის, ზოგს მონატრების, ზოგს ნოსტალგიის ცრემლები მოსდიოდა და ამ სიტუაციაში უცებ რატომღაც ამ ბიჭმა დაუკრა “საქართველოო ლამაზო“, მივედი, ვთხოვე, რომ ცოტა ხმადაბლა დაეკრა და ამ სიმღერის ფონზე წავიკითხე მუხრან მაჭავარიანის ლექსი, ბოლოს როცა დავასრულე ლექსის კითხვა გავიხედე და მთელი პიაცა ტიროდა… ახლაც მეტირება რომ მახსენდება როგორი მძაფრი განცდა იყო ტკივილის , უსუსურობის, მონატრების, მაგრამ რას ვიზამთ, ასეა ცხოვრება…
– როგორია იტალიიდან დანახული საქართველო?
– მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ კი არ მიჭირს, რომ არ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ არ მინდა რომ ვთქვა, დღეს გული მტკივა, რომ ჩემზე უკეთესი, ჩემნაირი, ჩემზე ნაკლები, ანუ ის ადამიანები ვისაც ქვეყნისთვის რაღაცის გაკეთება შეეძლოთ დღეს, სამწუხაროდ, ემიგრაციაში არიან. ინტელექტუალური ძალა არ უნდა გაედინებოდეს ჩვენი ქვეყნიდან თუ გვინდა, რომ ქვეყანა ავაღორძინოთ. როცა ემიგრაციაში ხარ და შენს ქვეყანაზე ფიქრობ, გინდა რომ შენი ქვეყანა დაუბრუნდეს იმ პოზიციას, როცა ქუხდა მისი სახელი. ეს სიტყვები არ არის ლიტონი, მართლა მინდა.
– ახლა როცა ემიგრაციაში ხართ და უფრო მეტს ფიქრობთ საქართველოზე, როგორ გგონიათ, დღეს „უკეთესი ქართველი“ ხართ?
– კი, ასე მგონია. საქართველოში თითქოს ჩაკეტილი ვიყავი ჩემს სფეროში, ახლა კი ვფიქრობ, რომ მეტის გაკეთებაც კი შემიძლია ჩემი ქვეყნისთვის… 1998 წელს საფრანგეთში, ძველ ბერძნულ კოლონიათა ასოციაციის გენერალური ანსამბლეის სხდომაზე ვიყავი, მაშინ იქ გავიცანი იტალიის ერთ – ერთი ქალაქის მერი, რომელიც 22 წლის მერე ვიპოვე… მინდა აღვადგინო ფოთისა და კასტელვეტრანოს დამეგობრების საკითხი, გარდა ამისა ჩანაფიქრში მაქვს ქართული ლექსები ვათარგმნინო ცნობილ პიროვნებებს, აქ გავეცანი ლუიჯი მაგაროტოს თარგმანებს, იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია, ქართველოლოგი და გალაკტიონ ტაბიძე აქვს ნათარგმნი. მინდა რომ იტალიელებმა სხვა პოეტებიც გაიცნონ, გაიგონ როგორი ძლიერი მემკვიდრეობა გვაქვს პოეზიაში. სხვა თემებს ჯერ ვერ შევეჭიდები…
– თქვენსავით ბევრი ემიგრანტი ცდილობს რომ რაღაც მაინც გააკეთოს სამშობლოსათვის, მაგრამ სამშობლოსთვის და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაგვიბრუნდეთ და აქ განაგრძოთ საქმიანობა. რა თქმა უნდა ყველა ამაზე ფიქრობს, მაგრამ რეალურად, პანდემიის დროსაც კი, ადამიანები ემიგრაციაში წავიდნენ, რას ეტყვით მათ?
– მიუხედავად იმისა, რომ მე თავად ემიგრანტი ვარ, არ მინდა კიდევ ვინმე წამოვიდეს, მინდა ჩვენ დავბრუნდეთ…