შვეიცარიამ საქართველო მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა

შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიამ, გლობალური ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, საქართველო მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა. შვეიცარიის მთავრობამ მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სია ცხრა ოქტომბერს განაახლა.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომლებიც გეგმავენ შვეიცარიაში შემოსვლას 12 ოქტომბრიდან. 2020 წლის 9 ოქტომბერს, შვეიცარიის მთავრობის მიერ განახლებული იქნა მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სია, რომელშიც  სხვა ქვეყნებთან ერთად, გლობალური ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით,  შეყვანილი იქნა საქართველოც“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებიც 12 ოქტომბრიდან შევლენ შვეიცარიის ტერიტორიაზე საქართველოდან, სხვადასხვა სატრანზიტო მარშრუტით, სატრანზიტო ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სტატუსის მიუხედავად, ვალდებულნი არიან, გაიარონ ათ დღიანი კარანტინი, თვითიზოლაცია. აღნიშნული წესი ვრცელდება საქართველოდან შესულ ნებისმიერ პირზე.

თუ პირი ამ წესს დაარღვევს 10 000 შვეიცარიული ფრანკის ოდენობით დაჯარიმდება.

 „შვეიცარიაში შემოსვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს თვითიზოლაცია ბინიდან, სასტუმროდან და ა.შ გაუსვლელად. დაუყოვნებლივ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში უნდა დაუკავშირდეს კანტონალურ უწყებებს  მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დაემორჩილოს მიღებულ რეკომენდაციებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, გამგზავრებამდე კომუნიკაციაში იყვნენ შესაბამის ავიკომპანიებთან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განსაზღვრონ მგზავრობასთან დაკავშირებული წესები, როგორიცაა „კოვიდ-19-ის“ ტესტის წარდგენის აუცილებლობა და სხვა პროცედურები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.