“სიჩუმის პოეზია” – გია ყანჩელის მინიატურები ვენაში აუდიოალბომად გამოუშვეს
ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალების ერთი წლის თავზე, 7 ოქტომბერს, ვენაში მოღვაწე ქართველმა შემსრულებლებმა მისი ხსოვნის პატივსაცემად აუდიო-ალბომი გამოსცეს.
პიანისტმა ქეთევან სეფაშვილმა, სოპრანო მადინა კარბელმა და ფლეიტისტმა თემო ხარშილაძემ გია ყანჩელის ცნობილი მინიატურები ტრიოს სახით ახლებური არანჟირებით ჩაწერეს და ალბომს „სიჩუმის პოეზია“ უწოდეს.
გია ყანჩელის აუდიო-ალბომის პრეზენტაცია, რომელიც ცნობილმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ Gramola-მ გამოსცა, Gustav Ignaz Stingl-ის საფორტეპიანო გალერეაში გაიმართა და მას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ესწრებოდა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა შემსრულებლებმა გია ყანჩელის მინიატურები აუდიო-ალბომად გამოცემამდე, პირველად გასულ წელს, საქართველოს საელჩოს მიერ ქართველი კომპოზიტორის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეასრულეს, რომელიც ვენის ისტორიულ ტაძარ Minoritenkirche-ში გაიმართა.