“მან შენ თავისუფალი იტალია გაჩუქა” – ვინ იყო იტალიის ეროვნული გმირი, ქართველი “კაპიტან მონტი”

იტალიის ეროვნული გმირის, გიორგი ვარაზაშვილისსაფლავზე წერია: „გამვლელო, შეჩერდი! აქ განისვენებს პატრიოტი, რომელმაც სისხლი დაღვარა შენი განთავისუფლებისათვის. მან შენ თავისუფალი იტალია გაჩუქა”.

გიორგი ვარაზაშვილი დაიბადა 1914 წლის 12 მაისს სოფელ ჯიმითში, გურჯაანში. მიუხედავად იმისა, რომ პატარაობისას ხელი დაიშავა და საჩვენებელი თითის ნახევარი მოკვეთილი ჰქონდა, მაინც სულ თიხისგან ძერწავდა სხვადასხვა ფიგურებს. ექვსი წლისა იყო, როცა დამ, სონა ვარაზაშვილმა თბილისში, თავის ოჯახში გადაიყვანა.

გიორგი სწავლობდა თბილისის შრომის მეოთხე სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის ცენტრალურ გამგეობასთან არსებულ მოსამზადებელ კურსებზე, აიღო ატესტატი და მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც გამოჩენილი მოქანდაკის, ნიკოლოზ კანდელაკის კლასში დაიწყო სწავლა.

1940 წლის 30 ივნისს მოქანდაკე ბორის იაკოვლევის ხელმძღვანელობით მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოსული კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვა თავისი სადიპლომო ნამუშევარი “სპორტსმენი”. ამ ქანდაკების ფოტოები დაიბეჭდა მაშინდელ გაზეთებში: “ზარია ვოსტოკა” (თბილისი) და “ვეჩერნაიამოსკვა” (მოსკოვი).

1940 წელს გიორგი ვარაზაშვილი წითელ არმიაში გაიწვიეს. გაანაწილეს 194-ე მსროლელი დივიზიის 299-ე საარტილერიო პოლკში, პირველ სასწავლო ბატარეაში.

1942 წლის იანვრის შუა რიცხვებში მტერთან ერთ-ერთი შეტაკებისას 299-ე პოლკის არტილერისტები უკან იხევდნენ და დაზვერვაზე წასულ გიორგი ვარაზაშვილსდა მის ორ მეგობარს თავისიანები უკვე წასული დახვდნენ. გადაწყვიტეს ღამე ერთ-ერთ სოფელში გაეთიათ და გზად მიმავლები გერმანელთა მზვერავებმა ტყვეებად აიყვანეს. ტყვეობიდან 1943 წლის დასაწყისში გამოიქცა, მაგრამ ამავე წელს გერმანელებმა კვლავ დააპატიმრეს და წაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკში, საიდანაც კიდევ გაიქცა და ბრიანსკის ოლქის პარტიზანებს შეუერთდა.

1943 კვლავ ტყვეობაში იყო ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში (იუგოსლავია, იტალია). 1944 წლის ივლისში ბედისწერამ იტალიელ პარტიზანებს შეახვედრა. ტრევიზოს პროვინციაში, პარტიზანული ბანაკიდან შინ, სოფელ მირო-ფრონტოშიმიმავალმა ჯოვანო ლიესიმთან წაიყვანა ტყეში გადაყრილი ხუთი ჩამოძენძილი ტყვე, რომელთა შორის იყო გიორგი ვარაზაშვილიც. გაქცეულებმა ხუთი დღე დაჰყვეს ლიესების სტუმართმოყვარე ოჯახში. ამასობაში ჯოვანი ლიესი მოელაპარაკა კათოლიკური პარტიზანული ბრიგადის “პიავეს” ერთ-ერთი პაზმის უფროსს, ფარეზს, რომ საბჭოთა ტყვეები რაზმში მიეღო.

გიორგი ვარაზაშვილსპარტიზანული სახელი “მონტი” დაარქვეს და რაკი დიდად გაბედული და საზრიანი მეომარი იყო, მალე “კაპიტან მონტის” სახელითაც მონათლეს.

ამ პერიოდში კაპიტანი მონტი დაუახლოვდა პარტიზანების მეკავშირეს, ჯოვანი ლიესისდას, პაოლას, რომლისგანაც შემდეგ შვილიც შეეძინა, ჯორჯო, რომელიც იწერება მამინაცვლის, რენატო ძამბონის, გვარზე. რენატოც პარტიზანი იყო და ჩინომოსკატელის რაზმში იბრძოდა.

1945 წ. თებერვალში ტრევიზოს პროვინციის მთაში დიდი თოვლი მოვიდა. საჭირო იყო პარტიზანების სხვაგან გადასვლა, რადგან მტერს, შეიძლებოდა, გზები შეეკრა და ადვილად გაენადგურებინა მთელი ბრიგადა. კაპიტანი მონტი და ბარბა(ჯოვანი მორანდინი), რომლებიც პაოლასდედის, ბერნარდინას საჯინიბოში იმალებოდნენ, 6 თებერვლის ადრიან დილას დაზვერვაზე წავიდნენ.

მზვერავები დიდი სიფრთხილით მიდიოდნენ თოვლიან გზაზე, მაგრამ ისინი მაინც შენიშნა ერთმა ფაშისტმაქალმა და თავისიანებს შეატყობინა. ფაშისტებმა თოვლზე დარჩენილი ნაფეხურების მიხედვით მიაგნეს პატიზანების კვალს და უკან გაჰყვნენ.

კაპიტანმა მონტიმ და მისმა თანამგზავრმა შენიშნეს შავხალათიანები, ისინი ბევრნი იყვნენ და შებრძოლებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ მტერს განერიდნენ, სხვა გზით წავიდნენ. ფაშისტები კვლავ უკან მიჰყვნენ. უკვე ახლოს მისდევდნენ, მაგრამ იარაღს არ ხმარობდნენ, მზვერავების ცოცხლად ხელში ჩაგდება უნდოდათ, რომ მთელი ბრიგადისთვის მიეგნოთ.

ლტოლვილებს ფრიალო კლდემ შეუშალა ხელი წინსვლაში და სწორედ ამ კლდის წინ, კოცუოლოს ბორცვზე გათამაშდა ტრაგედია: მამაცმა პარტიზანებმა მეგობრების გაცემას სიცოცხლის გაწირვა ამჯობინეს, თითო ხელყუმბარა მტერს ესროლეს, მეორე კი მკერდზე აიფეთქეს.

1971 წლის 25 იანვარს იტალიის პრეზიდენტის, ჯუზეპე სარაგატის ხელმოწერილი დეკრეტით გიორგი ვარაზაშვილს მიენიჭა Medaglia di bronzo al valor militare – ბრინჯაოს მედალი „მხედრული მამაცობისათვის“.

დასაფლავებულია ტრევიზოს პროვინციაში, ჩიზონდე ვალმარინოს მიდამოებში, სოფელ ტოვენას სასაფლაზე.

 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.