ვლადიმერ კონსტანტინიდიმ საფრანგეთში მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ონლაინშეხვედრა გამართა

29 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა საფრანგეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან. მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ქართული კულტურის  პოპულარიზაციის საქმეში.

მან დიასპორულორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა პანდემიის დროს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისათვის, საქართველოს საელჩოსთან კოორდინაციით გაწეული უდიდესი დახმარებისთვის.

დისტანციურ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა კატუკია, საქართველოს დესპანი გოჩა ჯავახიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, მუხრან გულაღაშვილი.

საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამმზადყოფნა გამოთქვა გამართოს შეხვედრები დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ერთობლივად განიხილონ ორგანიზაციების წინაშე არსებული გამოწვევები.

შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე და ასევე, COVID-19-ით გამოწვეულ პრობლემებზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის” საგრანტო პროგრამის განხორციელება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უცხოეთში მყოფ თითოეულ  თანამემამულეზე ზრუნვას.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმმადლობა გადაუხადა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობისთვის და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას. მან აღნიშნა, რომ იგეგმება უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების განვითარებისა და მათი გამართული ფუნქციონირების მიზნით, პროგრამის – „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის  ანსამბლების მხარდაჭერა“ განხორციელება, რომლის მიზანია ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებს უზრუნველყოფა საცეკვაო კოსტიუმებითა და დასაკრავი ინსტრუმენტებით.

ანალოგიური ონლაინ შეხვედრები უკვე გაიმართა იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთსა და გერმანიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.