„ცხინვალი 1920-ის” პრემიერა დღეს გაიმართება

„ცხინვალი 1920-ის” პრემიერა დღეს გაიმართება – დოკუმენტურ ფილმს დახურულ პრეზენტაციაზე კონფლიქტოლოგებს, ისტორიკოსებსა და ექსპერტებს უჩვენებენ.

დოკუმენტური ფილმი, რომელზე მუშაობაც 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ზუსტად 100 წლის წინ, 1920 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

რა მოხდა სინამდვილეში 1920 წელს, ვის და რატომ სურს ისტორიული ფაქტების გაყალბება, ბოლშევიკების მიერ მოწყობილი პროვოკაციის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ჩახშობის გენოციდად წარმოჩენა და საქართველოს იმიჯის დაზიანება – ფილმი ამ კითხვებს მხოლოდ რეალური ფაქტებით, დოკუმენტური მასალების გამოყენებითა და დადასტურებული ისტორიული მოვლენების ანალიზით პასუხობს.

“ჩვენ ვეცადეთ, მაქსიმალურად ობიექტურად წარმოგვეჩინა ეს ისტორიული საკითხი, არ გაგვეშუქებინა ნაციონალისტური პოზიციებიდან და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ყველა სიტყვა, რომელიც ამ ფილმშია გაჟღერებული, გამყარებულია შესაბამისი დოკუმენტებით, საარქივო მასალებით. პროდუქტი არის ძალიან მაღალი ხარისხის და არის საკმაოდ მძლავრი და ღირსეული პასუხი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ“ – ამბობს დავით ბრაგვაძე,”საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებელი.

“ცხინვალი 1920-ის” გადაღების იდეა სწორედ “საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტს” ეკუთვნის და მასზე ორი თვის განმავლობაში ისტორიკოსები – დიმიტრი სილაქაძე და დავით ხვადაგიანი მუშაობდნენ. ფილმის რეჟისორი – მიხეილ ბასილაძე, დამდგმელი ოპერატორი კი კახა ბუხრაშვილია.

ფილმი ქართულ ენაზეა გადაღებული და ინგლისურენოვანი სუბტიტრები ერთვის, უახლოეს მომავალში კი მისი რუსულად გახმოვანებაც იგეგმება. დახურული კინოჩვენების შემდეგ, “ცხინვალი 1920-ის” პრემიერა სატელევიზიო ეთერშიც გაიმართება და დოკუმენტური ფილმი ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისათვის ონლაინსივრცეში ხელმისაწვდომი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.