ახალი ამბები განათლება ისტორია და ისტორიები საქართველო და ქართველები სლაიდერი

25 სექტემბერს მხატვარი პეტრე ოცხელი დაიბადა

1907 წლის 25 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში, მხატვარი პეტრე ოცხელი დაიბადა.

1914 წელს ოჯახი გადასახლდა მოსკოვში, სადაც პეტრეს მამამ კავკასიური მაუდის ფაბრიკა გახსნა. ბავშვები ფრანგულ სასწავლებელში მიაბარეს. პეტრე ოცხელის მამა შეძლებული ადამიანი იყო, იგი ხშირად უწევდა დახმარებას საქართველოდან ჩამოსულ ახალგაზრდებს. ოცხელების ოჯახში, რომელიც სტუმართმოყვარებით გამოირჩეოდა, თავს იყრიდა საინტერესო საზოგადოება, სრულდებოდა მუსიკალური ნაწარმოებები, ნაწყვეტები ოპერებიდან, იდგმებოდა სპექტაკლები.

პეტრე მხოლოდ შვიდი წლის იყო, როდესაც ოჯახი მოსკოვში დამკვიდრდა, მაგრამ ბავშვზე ამგვარმა გარემომ გარკვეულ კვალი დატოვა. მხატვრის დედას ხშირად დაჰყავდა შვილები თეატრში, სადაც ბავშვები მთელ ლოჟას იკავებდნენ და დიდი გულისყურით ადევნებდნენ თვალს სპექტაკლს. მხატვრის და ნინო იგონებდა დედის სიტყვებს, რომ პატარა პეტრე ნანახი სპექტაკლების ჩანახატებს ასრულებდა.

1920 წელს ის საქართველოში დაბრუნდა და სწავლას ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გააგრძელა. ხატვას სკოლასთან არსებულ სტუდიაში სწავლობდა; 1926 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში;

1927 წელს სახალხო სახლთან არსებულ მუშათა თეატრში გააფორმა ა. ლუნაჩარსკის “ცეცხლის გამჩაღებლები”. ამ სპექტაკლის შემდეგ კოტე მარჯანიშვილმა მას ქუთაისის თეატრში მუშაობა შესთავაზა;

იგი მუშაობდა თბილისის, ქუთაისის და მოსკოვის თეატრებში, ცნობილ რეჟისორებთან (კ. მარჯანიშვილი, კ. სტანისლავსკი და სხვა); გააფორმა ქართულ კულტურულ ცხოვრებაში ერთგვარ მოვლენად ქცეული და მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ქართული სცენისთვის, ცნობილი დადგმები: “ურიელ აკოსტა” (1929), “ხატიჯე”, “ოტელო”, “ყაჩაღები”, “მუნჯები ალაპარაკდნენ” და სხვ.; შეასრულა ესკიზები ლეო ესაკიას კინოფილმისთვის “მფრინავი მღებავი”.

1939 წელს ლონდონში, თეატრის მხატვართა გამოფენაზე, ოცხელის ესკიზები ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს, თუმცა მხატვარი ამას ვერ მოესწრო. 1937 კონსტანტინე სტანისლავსკის მიერ მოწყობილ ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოს“ დადგმის კონკურსზე ოცხელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა.

კოტე მარჯანიშვილი ძალიან დიდ პატივს სცემდა მის სულიერ სამყაროს და ნიჭს. ეს კარგად ჩანს მის წერილში, რომელიც პეტრეს 1933 წლის 24 თებერვალს მიწერა.

„ახლა ღამეა, არ მეძინება და მსურს გაგიზიარო ჩემი მოსაზრება ყოველივე იმის შესახებ, რაც შენ გაწუხებს. თუ კი მისაღები იქნება შენთვის, მიიღე თუ არა და, გადააგდე, მე არ მეწყინება. რაც უფრო მეტს ვიტანჯები თეატრის გამო, მით უფრო მეძნელება მის შესახებ წერა. განსაკუთრებით, შენ გამო ვღელავ ჩემო პეტრე. ბედმა დაგაჯილდოვა უდიდესი ნიჭით და შენ ვალში ხარ მის წინაშე. შენ ჯერ ძალზე ახალგაზრდა ხარ და სიკვდილზე არ ფიქრობ. სიკვდილი სულელური სიტყვაა. სიკვდილი არ არსებობს. სწორედ ის, რაც დარჩება შენს შემდეგ არის გამარჯვება ყოველივეზე, რასაც სიკვდილი ანუ სამარადისოდ დავიწყება ეწოდება…“

იმის მიუხედავად, რომ ოცხელმა მხოლოდ 9 წელი იმუშავა, მან მაინც შეძლო, დაეტოვებინა ნამუშევრები, რომლებმაც დროს გაუძლო.

პეტრე ოცხელი თეატრის მხატვარი, ქართული ავანგარდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. სხვა მხატვრებთან ერთად ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა ქართული სცენისა და კოსტიუმის დიზაინში.

თუმცა… 1937 წელს პეტრე ოცხელი სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მას წაუყენეს ბრალდება: “მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება” და სიკვდილით დასაჯეს.

სხვა სიახლეები

გერმანელების მიერ აგებული და დანგრეული ეკლესია სოფელ ნოი-ტფილისში 

Editor

გახდი წლის საუკეთესო სპორტული მოხალისე!

Editor

კორეაში ქართული კინოს დღეები გაიხსნა

Editor

ვინ არის ამერიკელი, რომელმაც ქუთაისის ბავშვთა თავშესაფრიდან ორი გოგონა იშვილა

Editor

შვედმა ავტორმა საქართველოს შესახებ წიგნი დაწერა

Editor

საელჩოს გაფრთხილება მოქალაქეებს – თურქეთის დიდ ქალაქებში ქუჩაში გასვლა 4 დღით იკრძალება 

Editor