კანადაში „აფხაზის ბაღის” დღე აღინიშნა
კანადის ქალაქ ვიქტორიაში „აფხაზის ბაღის“დღე აღინიშნა, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე.
ისტორიული მნიშვნელობის „აფხაზის ბოტანიკური ბაღი“ კანადის პროვინციის – ბრიტანეთის კოლუმბიის დედაქალაქ ვიქტორიაში საქართველოს ეროვნული გმირის, კოტე აფხაზის შვილის – ნიკოლოზ (ნიკო) აფხაზის მიერ ჯერ კიდევ 1946 წელს დაარსდა.
„აფხაზის ბაღის“ დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას, საქართველოს ელჩთან ერთად, ესწრებოდნენ ბრიტანეთის კოლუმბიის გუბერნატორი ჯანეტ ოსტინი, ქალაქ ვიქტორიას მერი ლიზა ჰელპსი და თავად ბაღის მფლობელი – კანადური საქველმოქმედო ორგანიზაცია TLC-ისაღმასრულებელი დირექტორი ქესი არმსტრონგი და ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრები.
საქართველოს საელჩოსა და ბაღის მფლობელი ორგანიზაციის თანამშრომლობით, იგეგმება ახალი ერთობლივი პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობს „აფხაზის ბაღის“ ტერიტორიაზე საქართველოს რუკის შექმნას საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი მცენარეების მეშვეობით. ამ მიზნით, ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ „აფხაზის ბაღის“ ადმინისტრაციას საზეიმოდ გადასცა ბაღის ფონდში საელჩოს მორიგი შენატანი – 10 000 კანადური დოლარის საბანკო ჩეკი. ბაღის მფლობელი ორგანიზაციის – TLC-ისაღმასრულებელმა დირექტორმა ქესი არმსტრონგმა კი ღონისძიების სტუმრებს, ახალი პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, სპეციალურად დამზადებული ქვის მემორიალური დაფა წარუდგინა.
„აფხაზის ბაღის“ დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რეტრო და თანამედროვე გაზონის საკრეჭი მანქანების სიმბოლური შეჯიბრი, მათ შორის, წარმოდგენილი იყო თავად ნიკო აფხაზის ნაქონი, 70 წელზე მეტი ხნის და ახლახანს აღდგენილი საკრეჭი მანქანა.
„აფხაზის ბაღის“ დამაარსებელი ნიკო აფხაზი 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და პარიზს გახიზნულიყო. სწორედ პარიზში გაიცნო მან მომავალი მეუღლე, ახალგაზრდა ბრიტანელი პეგი პემბერტონ-კარტერი. მე-2 მსოფლიო ომის დროს ნიკო აფხაზი საფრანგეთის არმიაში მსახურობდა, იგი ტყვედ ჩავარდა და რამდენიმე წელი გერმანულ ბანაკებში გაატარა. ამ დროს პეგი შანხაიში ცხოვრობდა და იაპონიის მიერ ჩინეთის ოკუპაციის დროს ისიც ინტერნირებულთა ბანაკში მოათავსეს.
ომის დასრულების შემდეგ, ნიკოლოზმა და პეგიმ კვლავ იპოვეს ერთმანეთი, კანადაში გაემგზავრნენ და იქ იქორწინეს. წყვილი ბრიტანეთის კოლუმბიის დედაქალაქ ვიქტორიაშიდასახლდა, მათ მიწის ნაკვეთი შეიძინეს და ულამაზესი ბოტანიკური ბაღი გააშენეს. მას შემდეგ ეს ბაღი ვიქტორიაში „აფხაზის ბაღად“ არის ცნობილი. ნიკოლოზი 1987 წელს გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი 1994-ში. მათ შთამომავლობა არ დარჩენიათ. 2000 წელს ბაღის ადგილზე საცხოვრებელი სახლების აშენება დააპირეს, თუმცა, ვიქტორიას მოსახლეობამ ბაღის გადასარჩენად საპროტესტო აქციები გამართა და საბოლოოდ, იგი შენარჩუნებულ იქნა. ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითვე, კანადურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ – „The Land Concervancy of British Columbia“ (TLC), დონორების დახმარებით, ბაღი გამოისყიდა და დღეს მისი მფლობელია. ბოლო ოცი წელია TLC შემოწირულობებით ინახავს და უვლის „აფხაზის ბაღს“.
აღსანიშავია, რომ ელჩის კონსტანტინე ქავთარაძის ინიციატივითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ბაღზე პატრონაჟი აიღო ასევე კანადაში საქართველოს საელჩომ. „აფხაზის ბაღში“, საელჩოს ჩართულობით, რეგულარულად ეწყობა ქართული საღამოები, მათ შორის, იმართება ქართული ღვინის სადეგუსტაციო საღამოები. საელჩომ შეადგინა და გამოსცა ინგლისურენოვანი, ილუსტრირებული სახის საინფორმაციო ბროშურა ნიკო აფხაზის ოჯახის, საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის შესახებ, რომელიც გადაეცა ბაღის ადმინისტრაციას „აფხაზის ბაღის“ სტუმრებს შორის გასავრცელებლად.
წყარო: GDA.ge