ვლადიმერ კონსტანტინიდის შეხვედრა გერმანიაში მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო გლობალური პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების კუთხით საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები  და  ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოსა და დიასპორის ერთიან ძალისხმევაზე, დიასპორული ორგანიზაციებისა და  საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების კოორდინირებულ ქმედებებზე, პანდემიის შედეგად დაზარალებული თანამემამულეების დასახმარებლად.

დიასპორულმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს სახელმწიფოსა და დიასპორის უპრეცედენტო ერთიანობა COVID-19-ით შექმნილი გამოწვევების დაძლევის გზაზე და მადლობა გადაუხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს იმ საქმიანობისთვის, რომელიც მათ გასწიეს თანამემამულეთა სოციალური, სამედიცინო, თუ ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.

აღინიშნა “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამის მნიშვნელობა, დიასპორის ხელთარსებული რესურსების გასაძლიერებლად. დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილი კრიზისცენტრების მიერ  ჩატარებულ სამუშაოზე და დიასპორის სამოქალაქო აქტივობაზე, თანამემამულეთა თანადგომის კუთხით. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის დიასპორებთან ონლაინ შეხვედრები, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქართული დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ,  ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ, ქ. მიუნხენში კონსულმა, ზაქარია მეგრელიშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა.
ანალოგიური სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები