“დიმიტრი ვარდანაშვილს მიესაჯოს დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით”- 1937 წელს დახვრეტილი სტუდენტის ისტორია 

83 წლის წინ, 1937 წლის 20 სექტემბერს ბოლშევიკებმა დახვრიტეს 21 წლის გმირი, დიმიტრი ვარდანაშვილი… სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი ერთეულებმა იციან დღეს საქართველოში.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არაერთი ანტისაბჭოთა ორგანიზაცია და დაჯგუფება შეიქმნა. განსაკუთრებული პროტესტი არსებული ხელისუფლების მიმართ წლების განმავლობაში სწორედ ახალგაზრდებში გაღვივდა, ამიტომაც სხვადასხვა დროს უმაღლესი სასწავლებლების კედლებში უამრავი ჯგუფი თუ ორგანიზაცია იქმნებოდა, მიზანი კი ერთი გახლდათ –  ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ძალისმიერი გზით წართმეული დამოუკიდებლობის აღდგენა.

მაშინ, როდესაც რეპრესიები განსაკუთრებით მძვინვარებს ქართულ რეალობაში, სტუდენტი დიმიტრი ვარდანაშვილი აყალიბებს სტუდენტურ კონტრრევოლუციურ დაჯგუფებას; აგროვებს ანტისაბჭოთა ლიტერატურას; ავრცელებს პროკლამაციებს; ცდილობს, რაც შეიძლება მეტი განათლებული ახალგაზრდა შემოიკრიბოს დაჯგუფებაში და დაუპირისპირდეს საბჭოთა დიქტატურას. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია დიმიტრი ვარდანაშვილის სისხლის სამართლის ოთხტომიანი საქმე.

საქმის გაცნობისთანავე თვალში საცემია ვარდანაშვილის განწყობა. გასაოცარია, ახალგაზრდის სითამამე, არავითარი შიში და მონური მორჩილება არსებული რეჟიმისადმი, არც დაპატიმრებამდე და არც მას შემდეგ. იგი სრულად აღიარებს მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას და ცდილობს საკუთარ თავზე აიღოს მთელი პასუხისმგებლობა, რათა დაიცვას დაჯგუფების დანარჩენი წევრები.

ვარდანაშვილს ზუსტად აქვს გაცნობიერებული, რაც მოელის საბჭოთა „მართლმსაჯულების _ პირობებშიდა სასამართლო პროცესზე ერთადერთს ითხოვს, გაითვალისწინონ მისი ასაკი და სიცოცხლე შეუნარჩუნონ. თუმცა, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს დიმიტრი ვარდანაშვილის შემდგომი ბედი, 21 წლის ახალგაზრდას სასჯელის უმაღლეს ზომას –  დახვრეტას უსჯიან.

დიმიტრი ვარდანაშვილი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი იყო, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ პირველი საპროტესტო ნაბიჯი რომ გადადგა. 1934 წლის დეკემბერში ინსტიტუტში ს. კიროვის მკვლელობასთან დაკავშირებით სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა. სტუდენტები და პედაგოგები კიროვის მკვლელის, ნიკოლაევის სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ. ერთადერთი, ვინც ამ მიტინგსა და მოთხოვნას არ შეუერთდა, ვარდანაშვილი იყო. მან წინა ღამით დაბეჭდა შემდეგი შინაარსის პროკლამაცია: „ნიკოლაევი მხეცი კი არა, გმირია _ და აუდიტორიების კედლებზე გააკრა. ამ ფაქტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თუმცა პროკლამაციის ავტორი ვერ იპოვეს და მაშინ ნამდვილად გადაურჩა ვარდანაშვილი დაპატიმრებას. მომხდარიდან მალევე მეამბოხე სტუდენტი ტოვებს მშობლიურ ქალაქს და 1935 წელს თბილისში გადადის სასწავლებლად. ვარდანაშვილი სამედიცინო ინსტიტუტში იწყებს სწავლას, სადაც უკვე აქტიურად ემზადება დასახული მიზნის მისაღწევად. შემოიკრებს თანამოაზრეებს და აყალიბებს ანტისაბჭოთა დაჯგუფებას. „ცისკარიშვილი, ცერაძე და მე სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდით და ინსტიტუტთან ახლოს სხვადასხვა ადგილებში ვხვდებოდით ერთმანეთს, სადაც პოლიტიკურ შეხედულებებზე ვსაუბრობდით. ისინიც იზიარებდნენ ჩემს მოსაზრებებს და როცა ორგანიზაციის შექმნა შევთავაზე, დამთანხმდნენ” (ამონარიდი ვარდანაშვილის დაკითხვის ოქმიდან). შემდეგ ახალგაზრდები აწყობენ არალეგალურ სტამბას და ბეჭდავენ საპროტესტო პროკლამაციებს. თუმცა სტუდენტური დაჯგუფება ვიღაცამ გასცა. 1937 წლის 25 მაისს ორდერის საფუძველზე მოხდა ვარდანაშვილის ბინის ჩხრეკა. დაპატიმრებამდე დიმიტრი ვარდანაშვილი მარტის ქუჩა №4-ში ცხოვრობდა. ჩხრეკის დროს მილიციის ლეიტენანტმა ოდიშარიამ შემდეგი სახის ნივთმტკიცებები ამოიღო: ტიპოგრაფიული საბეჭდი მოწყობილობა, შრიფტი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პროკლამაციები, მენშევიკური ლიტერატურა, ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის პორტრეტები, ნოე რამიშვილის წიგნი – „ისტორიული მატერიალიზმი _, ნოე ჟორდანიას გამოცემა – „ნაციონალურ საკითხებთან დაკავშირებით _, 1919 წელს გამოშვებული ჟურნალი, სამხედრო რუკა, ვარდანაშვილის ჩანაწერების წიგნი, სხვადასხვა მიმოწერები და რევოლვერი.

26 მაისს დიმიტრი ვარდანაშვილს აპატიმრებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, გამომძიებლის პირველი კითხვა არალეგალურ სტამბასა და იმ ლიტერატურას ეხებოდა, რომელიც ვარდანაშვილის ბინაში იპოვეს.
დაკითხვის ოქმი: „1937 წლის 28 მაისი კითხვა: ჩხრეკის დროს თქვენს ბინაში აღმოჩენილ იქნა: ტიპოგრაფიული მოწყობილობა, 1937 წლის 26 მაისისთვის განკუთვნილი პროკლამაციები, ტიპოგრაფიული შრიფტი და ამ შრიფტის შესანახი ყუთი. გვითხარით სიმართლე როდის და ვისგან მიიღეთ ეს ყოველივე? პასუხი: 1937 წლის იანვრის დასაწყისში პარტიული გამომცემლობის ეზოში შემთხვევით ვიპოვე ტიპოგრაფიული შრიფტის ერთი ნაწილი და სტამბის მოწყობის იდეა დამებადა. გადავწყვიტე, იქ მოთამაშე ბავშვებისთვის დამევალებინა ეზოში გაფანტული შრიფტის დანარჩენი ნაწილების შეგროვება, რისთვისაც მათ გასამრჯელოს დავპირდი. ბავშვებმა მართლაც შემიგროვეს ყველა ფრაგმენტი და მე მათ 20 რუბლი გადავუხადე…

კითხვა: კონტრრევოლუციური, მენშევიკური ლიტერატურა, რომელიც თქვენს ბინაში დაპატიმრების დროს იქნა აღმოჩენილი, საიდან გქონდათ? პასუხი: ნ. რამიშვილის „ისტორიული მატერიალიზმი _ 1935 წელს ქუთაისში მცხოვრებ არჩილ გერაძისგან ვითხოვე. დანარჩენი ლიტერატურა კი 1935-1936 წლებში თბილისის ბუკინისტებთან

შევაგროვე. კითხვა: გამოძიება ითხოვს პასუხს, ვისგან იღებდით ორგანიზაციულ დავალებებს? პასუხი:
არანაირი ორგანიზაციული დავალებები მე არ მიმიღია. მას შემდეგ, რაც მენშევიკური შეხედულებები ჩამომიყალიბდა, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი გამიჩნდა. გადავწყვიტე, თავად შემექმნა კონტრრევოლუციური მენშევიკური დაჯგუფება, რის შემდეგაც უკვე კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდოდი. კითხვა: ჩამოთვალეთ ის ადამიანები, რომლებიც ამ დაჯგუფებაში შედიოდნენ. პასუხი: კონტრრევოლუციურ, მენშევიკურ დაჯგუფებაში გასაწევრიანებლად შემდეგი პირები მყავდა შერჩეული: 1) დიმიტრი ჭანტურიშვილი – სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 2) დავით ცერაძე – სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, 3) ანდრია ცისკარიშვილი – სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, 4) შოთა დვალი – პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი, 5) სანდრო ქომეთიანი – სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, 6) კალინიკე ჭანკვეტაძე – სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი. ამ ადამიანებისთვის მხოლოდ ჩემი მენშევიკური შეხედულებები იყო ცნობილი. ანტისაბჭოთა გამონათქვამებს ჭანტურიშვილი, ცერაძე და ცისკარიშვილი ეთანხმებოდნენ, დანარჩენები კი ეწინააღმდეგებოდნენ.იმავე დაკითხვის ოქმიდან კარგად იკვეთება, თუ როგორ ცდილობს დიმიტრი ვარდანაშვილი ორგანიზაციის დანარჩენ წევრებს დააფაროს ხელი და დაიცვას მეგობრები…

1937 წლის 14 მაისს დიმიტრი ვარდანაშვილს საბრალდებო დასკვნა გააცნეს: „შინსახკომის თანამშრომლების მიერ აღმოჩენილ და ლიკვიდირებულ იქნა სტუდენტების არალეგალური კონსპირაციული მენშევიკურ კონტრრევოლუციური დაჯგუფება, რომელსაც დიმიტრი ვარდანაშვილი ხელმძღვანელობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს კონტრრევოლუციური არალეგალური დაჯგუფება მიზნად ისახავდა, საბჭოთა ხელისუფლების დამხობას კონტრრევოლუციური აგიტაციით, პროკლამაციების გავრცელებით და მოწოდებებით. დაჯგუფება ანტისაბჭოთა პარტიებსა და ორგანიზაციებს გაერთიანებისკენ მოუწოდებდა, რათა დაემხოთ საბჭოთა ხელისუფლება და დაემყარებინათ ბურჟუაზიულ- დემოკრატიული ხელისუფლება.

_ განაჩენმაც არ დააყოვნა… 1937 წლის 19 სექტემბერს სამხედრო კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება და დიმიტრი ვარდანაშვილს მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით, ცისკარიშვილსა და ცერაძეს კი – 10 წლით გადასახლება. განაჩენი სისრულეში მეორე დღესვე მოიყვანეს… 21 წლის სტუდენტი 1937 წლის 20 სექტემბერს დახვრიტეს.

 

წყარო: ჩვენი ერთმორწმუნე ძმები 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.