რა იყო ენკენია და რატომ უწოდებდნენ უწინ შემოდგომის პირველ თვეს ენკენისთვეს

სექტემბრის სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან „სეპტემ“, რაც ქართულად ნიშნავს შვიდს. ეს თვე ძველ რომაულ კალენდარში რიგით მეშვიდე იყო, სანამ იულიუს კეისრის რეფორმა გატარდებოდა.

საქართველოში ახალი წელიწადი ამ თვით იწყებოდა, ამიტომ ძველი ქართული წარმართული კალენდრით მისი სახელია ახალწლისა, ხოლო ხალხური სახელწოდებით მას ენკენისთვეს უწოდებენ.

ენკენობა ქართული საერო დღესასწაული იყო და გასულ საუკუნეებში 26 სექტემბერს აღინიშნებოდა.  ენკენობას იგივე ენკენიას ძველი დასტურები ახლებს გადააბარებდნენ თავიანთ მოვალეობას, ლეჩხუმში კი ენკენობა მთელი თვე გრძელდებოდა. 

“გვიან შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ლეჩხუმში, მურში (ლეჩხუმის ადმინისტრაციული ცენტრი)  იმართებოდა ბაზრობა “ენკენობა“, მეზობელი კუთხეების მცხოვრებთა: სვანების, რაჭველების , იმერლების მონაწილეობით. მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან ლეჩხუმურ ბაზრობას უფრო ოფიციალური და ფართო ხასიათი მიეცა სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის ინიციატივით. დავით დადიანს პირველად ბაზრობა გაუმართავს სოფელ ოყურეშში. მომდევნო წლებში “ენკენობა” უკვე “იარმურკობის” სახელწოდებით ცაგერში გადმოუტანიათ და იქ იმართებოდა ყოველთვის. იგი ერთ კვირას, ზოგჯერ ორ კვირას გრძელდებოდა. ბაზრობაზე მოდიოდნენ ლეჩხუმის ყველა სოფლიდან, მეზობელი კუთხეებიდან, ქვეყნის გარედანაც – ალანები და ყარაჩელებიც კი გადმოდიოდნენე ჩრდილო კავკასიიდან. გასაყიდად და გასაცვლელად მოჰქონდათ, რაც მათ ნამეტანი გააჩნდათ. ,,იარმუკობას,, მარტო საქონლის ყიდვა-გაყიდვის ადა გაცვლა გამოცვლის ფუნქცია არ გააჩნდა. ეს იყო ზეიმი-პაექრობა, სხავადსხვა კუთხის ხალხების გაცნობის, დაახლოების და დამოყვრების ღონისძიება. ბაზრობაზე სტუმრებს და მასპინძლებს გასაცვლელ პროდუქტებთან და საქონელთან ერთად მიჰყავდათ დასაკლავები,ლეჩხუმლები ახვედრებდნენ ღვინოს, პურს და კეთილ გულს. იმართებოდა ნადიმი, იყო ცეკვა – თამაში და სიმღერები, სპორტული შეჯიბრებები ჭიდაობაში, მარულაში. ღონისძიების ორგანიზებას ყოველთვის სათავეში ედგა სხვადასხვა დროს – ლეჩხუმის თავი, სარდალ-მოურავი, მაზრის უფროსი. ლეჩხუმის ,,იარმურკობას,, დიდ ყურადღებას უთმობდნენ და მონაწილეობას ღებულობდნენ სამეგრელოს მთავრები დადიანები. ,ბაზრობა ტრადიციულად აქციეს და დიდი პატივი დადეს სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა და მისმა შვილმა თავადმა ნიკო დადიანმა.

ლეჩხუმური ,,იარმურკობა,, არ გამორჩენია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ პრესას, განსაკუთრებით – ,,ივერიას,, და ,დროებას,,. ,,დროების,, ერთ-ერთ ნომერში ვკითხულობთ: ,,…ეს იარმუკა პირველად უკანასკნელს სამეგრელოს მთავარს სოფ.ოყურეშში დაუწესებია, მაგრამ ადგილის სივიწროვის გამო ცაგერში გადმოუტანია. აირმუკაზე სამეგრელოდან, ოსეთიდან და ბევრი იმერეთიდან იკრიბებიან. ოსეთიდან მოჰყავთ საქონელი: თხა, ცხვარი, აგრეთვე ცხენები, მოაქვთ ჩოხა და ნაბადი. ლეჩხუმიდან და ოდიშიდან: ხარი, ძროხა, ცხვარი, ქალამანი და სხვა წვრილმანობა. ლეჩხუმელი და სვანელი ქალები კაცებზე მომეტებული არიან, მაგრამ ყველანი კი სავაჭროდ არ მოდიან, ზოგიერთი დროის გასატარებლად და საქეიფოდაც მოდიან, აქ ნახავთ ცხენოსნობას, ჯირითს და სხვა თამაშობას. წელს აქ იყო სამეგრელოს თავადი, მთავრის შვილი (ნიკო დადიანი), რომელმაც ძალიან ცხენოსნობა და მხიარულება გამოიჩინა,,

სწორედ ამ დღეობიდან მიიღო სახელწოდება შემოდგომის პირველმა თვემ და ხალხი მას ენკენისთვედ მოიხსენიებდა, ბევრისთვის უცნობი სახელწოდება  ახალწლისა კი რატომღაც დავიწყებას მიეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები