ავიაკომპანია Wizz Air რიგა – ქუთაისი – რიგას მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Wizz Air რიგა – ქუთაისი – რიგას მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს.

ავიაკომპანია Wizz Air საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, ცვლილება შევიდა მთავრობის N322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ“, რომლის შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის საერთაშორისს აეროპორტს შორის ოქტომბრიდან შესაძლებელი ხდება პირდაპირი საერთაშორისო რეისების შესრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და ეკონომიკის მინისტრის დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე დაასრულა ტექნიკური კონსულტაციები ავიაკომპანია Wizz Air-თან.

„დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა. ამასთან, დადებითი ეპიდემიოლოგიური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, განიხილება ფრენის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობა ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან.

რიგა-ქუთაისი-რიგა წარმოადგენს მეოთხე საერთაშორისო მიმართულებას, რომელზეც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის შემდეგ. მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება ავიაკომპანია Lufthansa-მ აღადგინა, 8 აგვისტოდან, პარიზი – თბილისი – პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანია Air France-მა განაახლა, ხოლო რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულად ავიაკომპანია Air Baltic ოპერირებს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით იქნება მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.