სამაგალითო წინაპრები

1910 წლიდან, განსაკუთრებით გამწვავდა ნიკო ნიკოლაძეზე თავდასხმები, ამას ის წერილიც მოწმობს, რომელიც 1910 წლის 20 დეკემბრით თარიღდება და რომელსაც ახლა გთავაზობთ.

„ძვირფასო ძმაო სოფრომ!

შენი წერილის პასუხათ გატყობინებ, რომ დღეს მოვაწერე ხელი და სხვა გამგეობის წევრებსაც მოვაწერინე ესტატე ნიკოლოზის ძის ხორბალაძის დანიშვნაზე ჩვენი ელექტრონის სტანციის ტეხნიკოსათ, იმედი მაქვს, შენს თავდებობას არ შეარცხვენს და ერთგულათ ემსახურება ქალაქსა. დიდათ მოხარული ვარ, რომ ნელ-ნელა და ცოტა-ცოტა ჩემიანებიც სწავლობენ ტეხნიკას და შესაძლო ხდება მათი დანიშვნა ამგვარ ადგილზე. ნინო და შენი ყმაწვილები სიყვარულით მომიკითხე. შენი ერთგული ნ. ნიკოლაძე.

P.S. მართლა! იქნებ იცნობდე ვინმეს „სახალხო გაზეთის“ რედაქციაში? თუ ძმა ხარ, განგებ ნახე და უთხარი, რას ჩამციებიან? ხომ ხედავ, ხმას არ ვიღებ, როცა ცილს მწამებენ და ცრუობენ ჩემი ქალაქისადმი სამსახურის საქმეებზე. ეხლა პირადათ ჩემზეც დაუწყიათ ცილის წამება, გუშინწინდელ ნომერში, ვითომაა „ოხუნჯობად“ დაუბეჭდიათ, ვითომ ხუმრობა – სააზნაურო ფულიდამ მიუციათ ნიკო ნიკოლაძისათვის 12 000 მანეთიო!!! ნუთუ არ იციან, რომ ხუმრობასაც, ოხუნჯობასაც რაიმე საფუძველი უნდა ჰქონდეს, მსგავსება მაინც უნდა გააჩნდეს სინამდვილესო? ცოტაა განა ჩვენში უტვინო ვაჟბატონი, ვისაც ეს სიცრუე მართალი ეგონება? ხომ მოსვენება აღარ მექნება მთხოვნელისაგან და მოვალეებისაგან, რომელნიც უამისოთაც 9/10 ჩემი დროისა მუდამ მართმევენ? თუ ძმობა გწამდეს აუხსენი მაგ რედაქციას, რომ ამ ჩემი 50 წელზე მეტი საზოგადო მოღვაწეობის განმავლობაში ჩემს დღეში არც ერთხელ არც ერთი ჩვენი ქართული დაწესებულებათაგან ან ადამიანებისგან არც მითხოვია, არც მიმიღია, არამცთუ შემწეობა და დახმარება, თუნდა 12 გროშისა და ნურც შემდგომად მომიძღვოს ბედმა ისე, რომ ქართველების გამოსულობისა და მოთავეობისათვის ხელი გამეწვდინოს ხალხისა და საზოგადოებისათვის საზრდოს და დახმარების სათხოვნელად! რა წამიერად აზვიადებენ ჩემ ვითომ ანგარებისმოყვარეობას მაგ ვაჟბატონები, როცა ბევრი მაგალითი უნდა ჰქონდეთ თვალწინა. რომ მქონია ან შემძლებია სხვაგან 12, 15, 18 და 20 ათასი მანეთის ჯამაგირი წელიწადში და ამ ჯამაგირს არ დავხარბებივარ, მირჩევნია ჩვენი ქვეყნის სამსახური, ან სრულიად უანგაროთ, ან სამჯერ თუ ოთხჯერ ნაკლებ ფასათ? ნუთუ იმ მოსაზრებით, რომ სტამბა ჩამივარდა ხელში, ადამიანმა ერთიანად უნდა აიღოს ხელი და უსინდისოდ ცილისწამებას შეუდგეს? მესმის, სოცდემოკრატები მდევნიან თავიანთ გაზეთებში და წრეებში იმ მოსაზრებით, ვითომ მომავალ კენჭისყრაზე სახელმწიფო საბჭოში დეპუტატის ასარჩევათ ეჭვობენ, მათი მეტოქე და მოცილე ვიქნები, როგორც მშიერ ძაღლს, აყროლებული ძვლის მხვრელს, ეშინია გამვლელმა ეს ძვალი არ წამართვასო და ჰგონია, რომ ადამიანსაც მისი ძვალი ეხარბება, სოციალ-დემოკრატებსაც ესე ჰგონიათ, რომ დეპუტატობის საძიებლად გამოვალ ასპარეზზე! ეს მათი შეცთომა გასაგებია, მაგრამ ფედერალისტებს რა მოლანდებიათ? რა უნდათ ჩემგან? ვისი ეშინიათ? მადლობა ღმერთს, არვის ვებრძვით და გინდაც ვებრძოლო, ნუთუ სიცრუით და ცილის წამებით უნდა მიპასუხონ? ნუთუ ამდენი ხანია ვერ მიმხვდარან, რომ ამ იარაღს მოკლე ფეხი აქვს? შენი ჭირიმე, ეს აზრები აუხსენ რედაქციას დასთხოვე თავი დამანებოს. დიდად დამავალებ ამ თხოვნის შესრულებით.

შენი მარად ერთგული ნ. ნიკოლაძე.“

წყარო: გენეალოგიური კვლევის ცენტრი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.