“დღევანდელი დღის მონაცემებით, საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა პირობა არსებობს”- ხათუნა თოთლაძე

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ცესკო-სთან, რათა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლების რეალიზაცია, კერძოდ კი, მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში. 

მინისტრის მოადგილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აკვირდება თითოეულ ქვეყანაში არსებულ პანდემიოლოგიურ მდგომარეობას  და მის ხელთ არსებულ ინფორმაციას გადასცემს ცესკო-ს, რომელიც ამ მონაცემების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო უბნების გახსნის მიზანშეწონილობის თაობაზე.

იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღოს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებელია იგი იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე.  საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა. ამასთან, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა.

საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს  საკონსულო აღრიცხვაზე, ყოფნის ფაქტი შეუძლია გადაამოწმოს, შემდეგ ვებ- გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge.

თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს თავის პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია, სამი გზით:

  • დისტანციურად, ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge  საშუალებით, რა დროსაც მოქალაქე ავსებს  შესაბამის ანკეტას ელექტრონულად, საელჩოსა თუ საკონსულოში გამოცხადების გარეშე.
  • საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადებით.
  • საფოსტო გზავნილის მეშვეობით, საელჩოსთვის/საკონსულოსთვის მატერიალური ფორმით დოკუმენტების გაგზავნით.

მათ შორის ყველაზე პრაქტიკული და მარტივია, დისტანციურად, www.geoconsul.gov.ge-ზე  ელექტრონული განაცხადის გაკეთება.

გაუთვალისწინებელი პრობლემური სიტუაციის თავიდან არიდების მიზნით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფმა მოქალაქეებმა უნდა გადაამოწმონ აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი, საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge-ზე  შექმნილ სპეციალურ პლატფორმაზე.

უშუალოდ საარჩევნო მიზნებისთვის მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა არ არის საკმარისი, რომ მოქალაქე მოხვდეს საარჩევნო სიაში. ამისათვის საჭიროა იგი იყოს რეგისტრირებული საქართველოში ან საზღვარგარეთ და გააჩნდეს მოქმედი პასპორტი/პირადობის მოწმობა. ასევე, 31 ოქტომბრის საპარლამენტო მიზნებისთვის პასპორტი ან პირადობის მოწმობა მოქმედი უნდა იყოს მინიმუმ 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

თუ ადამიანი დაბრუნდება საქართველოში და 6 თვის განმავლობაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, ის ავტომატურად მოიხსნება საკონსულო აღრიცხვიდან. ამას სისტემა აკეთებს ავტომატურ რეჟიმში.

თუ ადამიანი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის დღიდან 5 წლის განმავლობაში არ მიმართავდა რომელიმე საკონსულო სამსახურს ან კიდევ არ დაუფიქსირდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლა ან გასვლა, მისი მონაცემი ავტომატურად იხსნება სისტემის მიერ. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია  სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს შექმნის  არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის.

https://www.facebook.com/mfageorgia/videos/350347652783556/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.