ვლადიმერ კონსტანტინიდმა პარლამენტის წევრებს პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯები გააცნო 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, საქართველოს პარლამენტში დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გლობალური პანდემიის დროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დახმარების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.

მან კომისიის წევრებს წარუდგინა  ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და ასევე, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის ‘JMP Strategic Solutions” მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც პოზიტიურად აფასებს სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მყოფ თანამემამულეებზე ზრუნვას.

კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ძალიან მაღალი შეფასება კოვიდ-19-ის  პანდემიის დროს გაწეული საქმიანობისთვის, მათ შორის, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების რეპატრიაციის და ადგილზე დახმარების კუთხით. ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ პანდემიამ ხელი შეუწყო უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოქალაქეთა მიმართვიანობის გაზრდას.

„თანამემამულეთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ განმეორებითი საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის კვლავ მიმართავენ საკონსულო დაწესებულებებსა და საელჩოებს. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ საგრძნობლად არის გაზრდილი ნდობის მაჩვენებელი. პანდემიამ კიდევ ერთხელ გაუმყარა ჩვენს მოქალაქეებს ნდობა  სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ,  ხოლო სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, გვაჩვენა რომ საჭიროა ერთიანი მუშაობა ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად უმთავრესი პრინციპით –  უზენაესი იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა“-განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე,     სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ყველა იმ  კრიტერიუმების შესახებ,  რომლის მიხედვითაც ხდებოდა საზღვარგარეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენა. „უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის პანდემიის დროს წარმოქმნილი პრობლემები არაერთგვაროვანი იყო. იქნება ეს  საცხოვრებლით და საკვებით, პირველადი მოხმარების ნივთებით, სამედიცინო დახმარებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, გადაადგილებაში დახმარება, სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის დახმარება, ხშირად, სამგზავრო ბილეთით უზრუნველყოფა; ასევე იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს დავეხმარეთ სამსახურის მოძიებაში. საქართველოს გამოცდილება ამ მხრივ მართლაც შთამბეჭდავია,” -განაცხადა კონსტანტინიდმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს,  მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, თამამად  შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას გაუზიაროს „კარგი პრაქტიკა“ პანდემიის დროს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საჭიროებებზე რეაგირებისა და ამ გზით, მათი უფლებების დაცვის საკითხში.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზებს ერთიანი რეგულაციების შემუშავებას, რაც შემდგომში წარედგინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. თბილისი მზადყოფნას გამოთქვამს ამ მიზინით 2021 წელს  უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემატიკაც იქნება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებების დაცვა გლობალური კრიზისების დროს. „-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა საკანონმდებლო ორგანოში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ  მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, სამშობლოში სახელმწიფოს დახმარებით დაბრუნდა 22,862 მოქალაქე, ხოლო ადგილზე დახმარება გაეწია 23, 296 თანამემამულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები