მთიან აჭარაში ევროპული დონის ველობილიკი მოეწყობა

მთიანაჭარაში პროფესიონალი და მოყვარული ველოსიპედისტებისთვის ახალი ველობილიკი მოეწყობა. 6-კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დააკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან  ერთად  ე.წ. “Down Hill”–ის,  ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.  

სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით მსგავსი ტიპის ექსტრემალური საველოსიპედე ინფრასტრუქტურა რეგიონში პირველად იქმნება. პროექტის განხორციელებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ორგანიზაცია CENN-თან ერთად, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს. საველოსიპედე ბილიკის დაპროექტება და სამშენებლო სამუშაობის შესასყიდად დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი ხვალ გამოცხადდება.

ახალ ველომარშრუტზე მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ველო და ავტოპარკინგი, წყლის პუნქტები, საპირფარეშოები, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველობილიკისადმი ადაპტირებული ინვენტარის ინსტალაცია იგეგმება. ველობილიკი ძირითადად ტყის ტერიტორიაზე გაივლის, რომელიც ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბილიკზევე მდებარეობს რეგიონში ერთ-ერთი  გამორჩეული ისტორიული ძეგლი  კავიანის ციხე. მარშრუტი  ასევე,  შეიძენს ეკო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო დატვირთვას. შესაძლებელია მარშრუტის მიმდებარე ტერიტორიებზე განხორციელდეს სამეცნიერო–ტურისტული ექსპედიციები და ლაშქრობები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.