“ძაბრალე – მეგრელის სიზმარი” –  SHARA BAND-ის ახალი ქართული მუსიკალური პროდუქტი

“ავ სულებზე მრავალი თქმულება და ლექსია შემორჩენილი მეგრულ ზეპირსიტყვიერებაში. ერთი ნაწილი ამ თემაზე შექმნილი ლექსებისა იმ აზრს გამოხატავს, რომ ავი, ბოროტი სული დღენიადაგ ტყე–ღრეში ცხოვრობს და მრავალის სახის მაცდურობით შეუძლია ავნოს ადამიანს. ასეთები არიან ოჩოკოჩები, ტყაშმაფები, ჭინკები და ა.შ. არის ისეთი აზრიც, რომ ავი სულები თვით ადამიანთა შორის მოიპოვებიან.

ისინი ცხოვრებისეულ თვისებათა გარდა გრძნეულური, ეშმაკისეული თვისებების მატარებელნი არიან. თავს ისე მოგაჩვენებენ, როგორც მათ სურთ. მაგალითად, წარმოგვიდგებიან უფრო კატის სახით და ღამღამობით მგლებზე მჯდომნი დათარეშობენ. ასეთი ბოროტებით სავსე ეშმაკეული თვისების მქონე არსება მაცდურებით მოქმედებს ადამიანთა მიმართ, გათვალავს მას და სხვა.

ტყის ავი სულის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ სასიმღერო–საცეკვაო ლექსში გამოხატული „ძაბრალე“, რომლისაც ახლო წარსულშიც ეშინოდათ. მისი ძირეული სახელწოდება ძ(ვ)აბრარე უნდა იყოს, რაც მეგრულად მუხანათს ნიშნავს” – წერდა გასულ საუკუნეში მკვლევარი კალისტრატე სამუშია.

საინტერესოა, რომ ფოლკლორს დღემდე აქტიურად შემორჩა ავი სულების შესახებ შექმნილი მრავალი თქმულება, ლექსი თუ სიმღერა.

ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების ბენდმა “შარამ” გადაწყვიტა, “ძაბრალესთვის” (რასაკვირველია, მხოლოდ სიმღერას ვგულისხმობთ) ახალი სიცოცხლე ეჩუქებინა და განსხვავებული არანჟირებითა და მხიარული ვიდეოკლიპით მიეწოდებინა მსმენელისათვის.

ძაბრალე – მეგრელის სიზმარი” ასე ჰქვია “შარა-ბენდის” ახალ მუსიკალურ პროდუქტს, რომელმაც მსემენელთა დიდი მოწონება უკვე დაიმსახურა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები