ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი 13-20 სექტემბერს გაიმართება
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF წელს 13-20 სექტემბერს ნაწილობრივ ონლაინ-რეჟიმში, ასევე ჩვეულ ფორმატში გაიმართება, ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო BIAFF 2020-ს არ ეყოლება უცხოელი სტუმრები, თუმცა კინოფესტივალის პროგრამა ტრადიციულად საერთაშორისო იქნება და მაყურებლები ახალ ფილმებს იხილავენ.
კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრ Apollo-ში და «ღია კინოჩვენებები» ერას მოედანზე.
კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საკონკურსო და კონკურსგარეშე სექციები.
წელს BIAFF-ს სიახლე აქვს. ეს არის ახალი საინტერესო სექცია – COVIDEO, რომელშიც იზოლაციაში გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს აჩვენებენ. ამ კატეგორიაში 70 ფილმი მოხვდა. ამ 70 ფილმიდან 20 ქართველმა რეჟისორებმა გადაიღეს, 50 – უცხოელებმა. ფილმები გადაღებულია როგორც კინოს პროფესიონალების, ისე მოყვარულების მიერ.
ფესტივალზე თითოეულ საკონკურსო სექციას საკუთარი ჟიური ჰყავს. თუკი ადრე ხუთიდან ოთხი ჟიურის წევრი უცხოელი იყო და ერთი – ქართველი, წელს ჟიურის ორი წევრი იქნება უცხოელი, სამი – ქართველი. უცხოელი წევრები საკონკურსო ფილმებს ონლაინ-ფორმატში იხილავენ და შეაფასებენ.
ჟიურის თავმჯდომარეა ქართველი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე. ნამუშევრებს შეაფასებენ ასევე ნიკა აბრამიშვილი, გიორგი ოვაშვილი, ჟიურის წევრები საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
BIAFF ითვალისწინებს სამ მთავარ ნომინაციას – საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა.