“ღირს კი  ამდენი წვალება ან ამ წლების სიმწარეს რამე გადაწონის?” – ემიგრანტის წერილი 

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომელსაც მკითხველი “უბატონოს” სახელით იცნობს, სოციალურ ქსელში საკმაოდ გავრცელებულ პრობლემას ეხმაურება – იმას, რომ მათგან შორს მყოფ ადამიანებს ემიგრანტები ხშირად ფულის მიღების მარტივ წყაროდ წარმოუდგენიათ და მათგან ყოველთვის იმაზე მეტს ითხოვენ, ვიდრე გასცემენ. თუმცა, ყოველთვის ყველაფერი ისე არ არის, როგორც შორიდან ჩანს: 

“ძალიან ხშირად ვარ გაბრაზებული, მაგრამ იშვიათად გიყვებით თქვენ.
დიდხანს ვითმინე, რამდენჯერმე ვცადე კულტურულად დამეწერა, მაგრამ დღეს ვიქნები ძალიან კატეგორიული და საერთოდ არ მაინტერესებს ვინმეს გული დაწყდება ამით თუ არა!
გულის წყვეტა და იმედგაცრუება მე მკითხეთ.
დაახლოებით ერთი კვირის წინ სამსახურში ძალიან ცუდად გავხდი, იმდენად ცუდად რომ (დეტალებს არ განვავრცობ, ისევ ჩემი ოჯახის წევრების ნერვიულობის თავიდან ასაცილებლად) კამერებში დანახული სურათითაც კი შეძლეს ჩემმა უფროსებმა პრობლემის სერიოზულობის აღქმა და დაახლოებით ორ საათში მთელი ეზო გაივსო მანქანებით.
ორ დღეში ორი სხვადასხვა ექიმის ვიზიტი და დიაგნოზი ძალიან მარტივი – ყველაფერი ნერვებიდან მოდის!
ერთი შეხედვით რა შეიძლება ურტყამდეს ნერვულ სისტემას?
ოჯახი ისეთი მყავს ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი ეგეთს, ზუსტად ისეთები, როგორიც მე მინდა.
პირადი ცხოვრება-იდეალური.
მეგობრები-ყველაზე ძლიერი კედელი და დამცავი ფარი გარე სამყაროსგან.
თქვენ, ჩემთვის ნეიტრალურად უცხო ადამიანები, რომლებიც მიყვარს და რომლებსაც ვუყვარვარ.
ხელფასი-საშუალოზე მაღალი.
ისმის კითხვა, თუ ყველაფერი ამდენად რიგზეა რა აზიანებს ნერვულ სისტემას?
პასუხი:
1) 24/7 ცხოვრება სახლში, სადაც არავინ ითვალისწინებს შენს ინტერესებს, ხარ ჩვეულებრივი მოსამსახურე, დაქირავებული მომვლელი და შენი დანიშნულება მხოლოდ მოხუცის მოვლაა
1.5) 8 კამერა, რომელიც ყველა კუთხიდან გიყურებს და 25 ადამიანი რომელიც დაწოლის წინ ლოცვასავით ამოწმებს ამ კამერის მასალას, კაი დედის შვილი ხარ რამე დეტალი გაგეპაროს და ისე არ იმუშაო როგორც ითხოვენ !
2) გაღვიძება/დაძინება შენი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაშინ როცა საქმეს სჭირდება და არა შენ.
ღამეში მინიმუმ სამჯერ გატეხილი ძილი, მოხუცის პრობლემების გამო
3) ერთ საკითხზე მინიმუმ ათი აზრის მოსმენა, მაშინ როცა ეს საერთოდ არ არის საჭირო (სამსახურში)
4) ოჯახის მუდმივი დანაკლისი
5) მარტოობის შეგრძნება
5) მეგობრებისგან თვეობით შორს ყოფნა
6) ხელფასის 90% ბინის პროცენტში გადახდა, (დავკონკრეტდები და პირდაპირ ვიტყვი 4 ათასი $ ყოველ თვე)
7) დარჩენილი ფულის იმდენად ეკონომიურად გადანაწილება რომ თვიდან თვემდე თავის გატანა შევძლო, არ გამოვაკლდე და არ გამომრჩეს ჩემთვის ძვირფასი ადამიანების დაბადების დღე, ან სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა მათ ცხოვრებაში
8 ) 8 დღის მაგივრად თვეში 2 დღე დასვენება ზუსტად იმიტომ რომ ყველა ხარჯის დაფარვა შეძლო
9) მერვე პუნქტი რომ უფრო გასაგები იყოს 29 დღე და ღამე მოხუცის სახლში ყოფნა, მისი განრიგით ცხოვრება და იმ ორი დღის ლოდინი, როცა როგორც იქნება გავა ეს დრო და ჩემი დასვენების ორი ნანატრი დღე მოვა .
10) მუდმივი შეგრძნება იმისა რომ ვერ ვითარდები და აგვიანებ
თქვენ გგონიათ ვწუწუნებ ან იმის ახსნას დავიწყებ რომ “ამის ფასი არაფერი მიჭირდა”?
არანაირად.
ეს არის გზა, რომელიც ავირჩიე 24 წლის ასაკში და რომელიც (ზუსტად ვიცი) ყველაზე მარტივი გზაა დიდი წარმატებისკენ თუ არა, იმისკენ მაინც, რომ 20 წლის შემდეგ მქონდეს საკუთარი პროფესია, სახლი, ადამიანური სამსახური, დრო საკუთარი თავისთვის და შანსი იმისა, რომ 6 თვე ვიმუშაო აქ და შემდეგი 6 თვე ვიმოგზაურო .
სწორედ ეს გეგმებია, რაც გვაძლებინებს აქ ადამიანებს და ზუსტად ეს არის იმ კითხვის პასუხი, რასაც ერთმანეთს ვუსვამთ ასე ხშირად, აქ მცხოვრები ადამიანები:
“ღირს კი, ამდენი წვალება ან ამ წლების სიმწარეს რამე გადაწონის?”
როგორც არ უნდა ავხსნა ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის სირთულე/სიმსუბუქე ეს არის გზა, სახადი, რომელიც ყველამ უნდა მოიხადოს სხვადასხვა ფორმით და წვალებით .
ამ ყველაფრის ფონზე რაც წაიკითხეთ, მინდა ნამუსმა შეგაწუხოთ (კიდევ განვმეორდები და ვიტყვი რომ არ მაინტერესებს ვინ მიიღებს საკუთარ თავზე და ვინ არა !)
და ფული არ მთხოვოთ !
არაფრის გამო, არავის გამო !
მე ვარ ერთი, თქვენ ხართ ძალიან ბევრი და სტატისტიკურად თუ ვიმსჯელებთ კვირაში საშულოდ 700-800$ უნდა გამოგიგზავნოთ რომ გული არავის დაგწყდეთ და არ თქვათ რომ თვეში ერთხელ მთხოვეთ დახმარება და იმაზეც უარი მიიღეთ ჩემგან.
ჯანმრთელობა-ეს არის საკითხი რომლის წინაშეც უძლურია ადამიანი და რაც შემეძლება ყოველთვის დაგეხმარებით, თუმცა სხვა ყველა წვრილმანი, ყველა დეტალი, ყველა პრობლემა (ბოდიში და) ფეხებზე მკიდია !
თქვენ ცხოვრობთ, ჩვენ აქ ვარსებობთ და ცხოვრებას ვცდილობთ, ამიტომ ყველა ხართ უნამუსო ვინც ნამუსზე გვაგდებთ და ფულს გვთხოვთ !
ფოსტა აქაც მუშაობს !
საჩუქრებს ჩვენც ვიღებთ და მეტიც, ელემენტარული გვახარებს !
თვეში ერთხელ მოგიკითხავენ და ზუსტად იცი რატომაც გწერენ, მაგრამ მაინც იმედს იტოვებ, იქნებ შენი ამბავი აინტერესებთ ან უნდათ ყველაზე დიდი-სიტყვა შეგაშველონ და გაგამხნევონ?
არა, ფული უნდათ !
ჰოდა ჯანდაბამდე გზა გქონიათ ყველას, ვინც ამას იმსახურებთ !
ოკეი?!
პ.ს ეს სურათი იყოს აქ, იმ ყველაზე რთული კვირის დასტურად როცა სულ ცოტა ხნის წინ 25 ადამიანი ერთად ვცხოვრობდით უშუქობის გამო და ალბათ გამოიცნობთ ამ 25 ადამიანს ვინ ემსახურებოდა, ვის არ ძინებია და არ უჭამია დაღლილობისგან 1 კვირა.
იყოს ეს სურათი აქ, რომ არ შემრცხვეს ჩემი აგრესიის და ეს სტატუსი არ წავშალო !
სულ წინ იარე უბატონო, მიზნამდე გზის ნახევარი უკვე დაფარული გაქვს !”- წერს ემიგრანტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.