ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი 13-20 სექტემბერს გაიმართება

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF წელს 13-20 სექტემბერს ნაწილობრივ ონლაინ-რეჟიმში, ასევე ჩვეულ ფორმატში გაიმართება, ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო BIAFF 2020-ს არ ეყოლება უცხოელი სტუმრები, თუმცა კინოფესტივალის პროგრამა ტრადიციულად საერთაშორისო იქნება და მაყურებლები  ახალ ფილმებს იხილავენ.

კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრ Apollo-ში და «ღია კინოჩვენებები» ერას მოედანზე.

კინოფესტივალზე  წარმოდგენილი იქნება საკონკურსო და კონკურსგარეშე სექციები.

წელს BIAFF-ს სიახლე აქვს. ეს არის ახალი საინტერესო სექცია – COVIDEO, რომელშიც იზოლაციაში გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს აჩვენებენ. ამ კატეგორიაში 70 ფილმი მოხვდა. ამ 70 ფილმიდან 20 ქართველმა რეჟისორებმა გადაიღეს, 50 – უცხოელებმა. ფილმები გადაღებულია როგორც კინოს პროფესიონალების, ისე მოყვარულების მიერ.

ფესტივალზე თითოეულ საკონკურსო სექციას  საკუთარი ჟიური ჰყავს. თუკი ადრე ხუთიდან ოთხი ჟიურის წევრი  უცხოელი იყო და ერთი – ქართველი, წელს ჟიურის ორი წევრი იქნება უცხოელი, სამი – ქართველი. უცხოელი წევრები საკონკურსო ფილმებს ონლაინ-ფორმატში იხილავენ და შეაფასებენ.

ჟიურის თავმჯდომარეა ქართველი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე. ნამუშევრებს შეაფასებენ ასევე ნიკა აბრამიშვილი, გიორგი ოვაშვილი, ჟიურის წევრები საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

BIAFF ითვალისწინებს სამ მთავარ ნომინაციას – საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.