თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი 22-27 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 22-27 სექტემბერს თბილისის XXII წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით  ფიზიკური სახით Expo Georgia-ში ჩატარდება.

პანდემიდიან გამომდინარე, ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდი გახანგრძლივდა და საგამოფენო სივრცე ტრადიციული 4 დღის ნაცვლად 6 დღის განმავლობაში უმასპინძლებს დამთვალიერებლებს. ეს ფესტივალზე მაქსიმალურად ბევრი მკითხველის მისაღებად კეთდება, რადგან Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში ერთდროულად დასაშვები ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იქნება, ხოლო ფესტივალს რაც შეიძლება მეტი სტუმრის მიღება სურს.

Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში სტუმრობის მსურველთათვის წინასწარი რეგისტრაციის სისტემა შეიქმნება.

ფესტივალზე მომხმარებლები Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში  უშუალოდ გამომცემლობების სტენდებზე შეძლებენ წიგნების შეძენას, ასევე წიგნების შეძენა ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელადაც იქნება შესაძლებელი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებგვერდზე www.gpba.ge.

ამჟამად ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად 40-ზე მეტი გამომცემლობა დარეგისტრირდა. თითოეული მონაწილე ტრადიციულად სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს.

„თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალის ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამისთვის მთავარი სცენა განთავსდება Expo Georgia-ს ეზოში, ღია ცის ქვეშ. სცენა ექვსი საფესტივალო დღის განმავლობაში სრულად დატვირთული იქნება და მასზე დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ახალი წიგნების პრეზენტაციებს და შეხვედრებს ქართველ მწერლებთან; უცხოელი ავტორების ვიდეოჩართვებს; საბავშვო პროგრამას; საგამომცემლო-პროფესიულ პროგრამას და ა.შ“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალის ორგანიზატორებმა უკვე მიიღეს ყველა აუცილებელი ინსტრუქცია ჯანდაცვის სამინისტროსგან.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.