კლოდ დე კემულარია – საფრანგეთის პრეზიდენტისა და მონაკოს პრინცის ქართველი მრჩეველი

საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი დიპლომატი, კლოდ დე კემულარია ერთ-ერთი მთავარი ბანკის, PARIBA-ს ხელმძღვანელი და საერთაშორისო საქმეთა დირექტორი იყო. მის მიერ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფუძნებული ბანკის ფილიალები დღესაც წარმატებით აგრძელებენ მუშაობას BNP Paribas -ს სახელით.
კლოდ დე კემულარია 1984-1987 წლებში საფრანგეთის წარმომადგენელი იყო გაეროში და უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ირანსა და ერაყს შორის ცეცხლის შეწყვეტაში. ის ასევე მონაკოს პრინც რენიეს და საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი იყო. ფრანსუა მიტერანის დავალებით, მოლაპარაკებებს აწარმოებდა არაბულ ქვეყნებთან. მის მიერ დაარსებულ „მონაკოს კლუბში“ მსოფლიოს მრავალი პოლიტიკოსი იყო გაწევრიანებული.

კლოდ დე კემულარია წლების განმავლობაში მუშაობდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებში მაღალ თანამდებობებზე. ასევე იყო ცნობილი ფრანგული ბრენდის NINA RICCI–ის დირექტორთა საბჭოს წევრი.

2008 წელს კლოდ დე კემულარიამ გამოსცა თავისი მემუარები „ცხოვრება გაშლილი ფრთებით”, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა. წიგნი XX საუკუნის 40–80–იანი წლების საერთაშორისო მოვლენებისა და მსოფლიო პოლიტიკის ღრმა ანალიზის საფუძველს იძლევა.  ავტორი მოგვითხრობს თავის ბავშვობაზე, მისთვის უცნობ, მაგრამ საოცნებო სამშობლოზე, მშობლებზე, თავის ახალ სამშობლოზე, სადაც ფრთები გაშალა და უდიდეს წარმატებებს მიაღწია პოლიტიკურ კარიერაში. 2010 წელს, პრინცესა ვერონიკა მიურატის ხელშეწყობით მემუარები  ქართულ ენაზეც გამოიცა. წიგნის პრეზენტაციისთვის, ნოემბრის თვეში, საქართველოში კლოდ დე კემულარიაც ჩამოვიდა. სოხუმის უნივერსიტეტში გამართულ მიღებაზე ბატონმა კლოდმა განაცხადა –

“მრცხვენია, რომ ქართულად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. მე იმ ქართველ ემიგრანტებს მივეკუთვნები, რომლებიც 1920-1921 წლებში ბოლშევიკურ რეჟიმს საფრანგეთში წასვლით გაექცნენ. მთავარი ისაა, რომ ქართულად ვფიქრობ და ვაზროვნებ. წლების განმავლობაში საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტში ვმუშაობდი, ვიყავი საფრანგეთის ელჩი გაეროში, მეკავა სხვა მაღალი თანამდებობები და სანამ ცოცხალი ვარ, ევროპაში საქართველოს ინტერესების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ. იამაყეთ, რომ ქართველები ხართ, რადგან საქართველოს წარსული და ისტორია ამის საშუალებას გაძლევთ. მჯერა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება და ევროპაში კუთვნილ ადგილს დაიკავებს“. 

ცნობილი დიპლომატი და საფრანგეთის „საპატიო ლეგიონის“ ოფიცერი 2016 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზაალ ცინაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.