ქართული დიასპორული ორგანიზაციების პირველი საერთაშორისო ონლაინკონფერენცია ჩატარდა

ფონდის „დიასპორების ალიანსი საქარველოსთვის“ და დიასპორული ორგანიზაცია „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, 2020 წლის 21 აგვისტოს ჩატარდა „ქართული დიასპორული ორგანიზაციების პირველი საერთაშორისო ონლაინკონფერენცია სახელწოდებით „ქართული დიასპორული ორგანიზაციები, რეალობა და გამოწვევები“. 

30-მდე დიასპორულ  და დიასპორულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად, კონფერენციაში  მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და ამავე კომიტეტის წევრმა, პარლამენტარმა ენძელა მაჭავარიანმა. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვარლამ ბაძაღუა, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი დიასპორის საკითხებში პიერ – ალექსანდრე ასათაინი კრევუა,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი დავით ფაცაცია.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა დიასპორული ორგანიზაციების ერთმანეთთან თანამშრომლობის ხელშეწყობა, დიასპორული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ ცნობადობის ამაღლება. ონლაინკონფერენცია ჩატარდა ზუმის პლატფორმის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დელეგატებმა მომხსენებლების, მსმენელებისა და მოწვეული სტუმრების სტატუსით.

დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონფერენციის მიმდინარეობის პროცესში მიეცათ შესაძლებლობა მოხსენებებით გამოსულიყვნენ და ესაუბრათ დიასპორული საქმიანობის შესახებ ადგილსამყოფელ ქვეყანაში ასევე,  ქართული დიასპორის მდგომარეობაზე, ახალ ინიციატივებსა და არსებულ გამოწვევებზე. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა დიასპორული ორგანიზაციებისთვის გაეცნოთ დიასპორასთან მიმართებაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ არაერთი დიასპორული პროექტის განმახორციელებელი და მხარდამჭერია. „ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრთან“ ერთად, ფონდმა საფუძველი ჩაუყარა და წარმატებით განახორციელა მრავალი პროექტი, რომლის მიზანი ქართული დიასპორის მხარდაჭერა და დახმარება იყო.

ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის პრეზიდენტმა“ თიკა სვანიძე ვენკომ ისაუბრა ქართული დიასპორის გაერთიანების მნიშვნელობაზე, რომელიც უზრუნვეყოფს ქართული დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. მან  ასევე ისაუბრა ფონდის მიერ განხორციელებული საერთაშორისო პროექტების შესახებ, რამაც დიასპორული ორგანიზაციების მხრიდან დიდი დაინტერესება  გამოიწვია.

გაჟღერდა საინტერესო ინიციატივები ქართულ საკვირაო სკოლებთან მიმართებაში, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან მიმართულებებს, რომლის ფარგლებშიც საკვირაო სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის სასწავლო რესურსებად ქცეული მასალების  გამოყენებისა.

კონფერენციის შემდგომ დაგეგმილია მიზნობრივი ონლაინ სამუშაო შეხვედრების ჩატარება, იმ საკითხების ირგვლივ, რომელთა გაჟღერება მოხდა ონლაინ კონფერენციის მსვლელობის დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.