არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ქართლში

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე, ნეოლითური პერიოდის – 8 ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა აღმოაჩინა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე.

„ძვ.წ. VI ათასწლეულის ძეგლზე პირველად დადასტურდა შულავერ-შომუთეფეს კულტურისათვის დამახასიათებელი წრიული სახლების სრულიად ახალი სამშენებლო ტრადიცია. ძეგლზე ფიქსირდება ორ და სამ მწკრივა წყობით, ალიზის აგურით ნაგები წრიული სახლები, მცირე ზომის სათავსოები და ნაგებობებს შორის არსებული კედლები.

არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა ნეოლითური პერიოდისათვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი მასალა: თიხის ჭურჭლის ნატეხები, ძვლის, ირმის რქის, ობსიდიანის, მასიური ქვის იარაღები და სარდიონისგან დამზადებული მძივები.

აღმოჩენილი არტეფაქტები ამავე რეგიონში, ბოლნისის მუზეუმის კოლექციებს შეემატება.“ – ნათქვამია გაქნცხადებაში.

აღსანიშნავია, ისიც რომ ძეგლი 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს არუხლოსა და იმირის ძეგლებიდან სადაც მსოფლიოში უძველესი ღვინის კვალია აღმოჩენილი.

მაშავერას გორაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 1988 წელს ჩატარდა. ექსპედიციის მიერ (დ. გოგელიას ხელმძღვანელობით) გამოვლინდა რამდენიმე წრიული ნაგებობა და მცირე რაოდენობით არქეოლოგიური მასალა. არქეოლოგიური სამუშაოები ეროვნული მუზეუმის გუნდმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2020 წელს განაახლა. ექსპედიციას ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ჯონი აბულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები