25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული

დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგედიის გამო, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით დაეშვება სახელმწიფო დროშა მთელ საქართველოში, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს საელჩოების შენობებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ევროკავშირის დროშა დაუშვეს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობაზეც.

კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში: “ევროკავშირის დროშა დაშვებულია რადგან კვირას, შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს ვგლოვობთ. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და მეგობრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაზარალებულებს.”

შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი გამოეხმაურა.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ საქართველოში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით. ჩვენი ფიქრი მსხვერპლთან და მათ ოჯახებთან არის. ვუსამძიმრებ საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას“, – ნათქვამია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში.

შატილის გზაზე დაღუპულთა ოჯახების წევრებს სამძიმარს უცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„უკიდურესად დამწუხრებულები ვართ შატილში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებთ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ტრაგედიას  ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„ისრაელი უსამძიმრებს საქართველოში შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს. ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს ასევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცაკანიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.