ადგილი, რომელიც ალპინიზმის ისტორიაში უძნელესი ტრავერსის მოწმე გახდა

1950 წლის აგვისტოში ქართველ მთამსვლელთა გუნდმა ივანე (კაკო) მარის ხელმძღვანელობით, შხელდა-უშბის ურთულესი ტრავერსის გავლა შესძლო.გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ივანე (კაკო) მარი(48), მაქსიმე გვარლიანი(36), გოჯი ზურებიანი(44), ბექნუ ხერგიანი(38), ჭიჭიკო ჩართოლანი(44).

აღნიშნული ტრავერსის გავლა ხუთი წლით ადრე სცადა მთამსვლელთა სხვა გუნდმაც ალიოშა ჯაფარიძის, ქელეშბი ონიანისა და ნიკოლოზ მუხინის შემადგენლობით, მაგრამ ეს მცდელობა სამწუხაროდ მთამსვლელებისთვის ტრაგიკულდ დასრულდა.

შხელდა უშბის ტრავერსი ყოფილ საბჭოთა კავშირში 1950 წლის საუკეთესო ასვლად აღიარეს და ის დღემდე რჩება გამორჩეულ ასვლად ქართული მთამსვლელობის ისტორიაში.

გთავაზობთ ამორადს ივანე (კაკო) მარის დღიურიდან, რომელიც ამ ექსპედიციის დეტალებს გვიამბობს:

“…მწყობრი ნაბიჯით დავიძარით ექსპედიციის მთავარი ბაზიდან 30 ივლისს. მცხუნვარე მზე გულს იმედით გვივსებს. ღამის 10 საათზე უკვე უშბის მყინვარის ენასთან ვართ. გავმართეთ პირველი ბანაკი, განწყობილება – მხნე და საუცხოოა.

31 ივლისს წინასწარ დათქმულ ადგილს მივაღწიეთ, სადაც დარჩა ექსპედიციის დამხმარე რაზმი და რაცია. აქედან ჩვენი მოიერიშე ჯგუფი დასავლეთით, შხელდის მისადგომებისკენ გაემართა.

1 აგვისტო – პირველი იერიში… იმავე დღეს ვძლიეთ “ხერხის” ოთხი მწვერვალი. 4160 მეტრის სიმაღლის მეოთხე მწვერვალზე ვიმყოფებით. ღამეა. წინა დღის მზიანი დარი თოვლის უხვმა ფანტელმა და ბნელმა ნისლმა შეცვალა. ორი დღე კარვებში ვართ. ეს მაინცდამაინც ვერაფერი სასიამოვნოა. მაქსიმე გვარლიანი არაფრად აგდებს ბუნების სტიქიის ამ პირველ შემოტევას.

4 აგვისტო. 4220 მ ზღვის დონიდან. იმავე დღეს დავძლიეთ ძნელად გადასალახავი ხუთი ე. წ. “ჟანდარმი”.

6 აგვისტოს პალოებისა და თოკების გამოყენება მოგვიხდა, რომ ციცაბო კლდეებიდან უვნებლად დავშვებულიყავით. სამდღენახევარია ბობოქრობს ქარიშხალი. ნისლმა და თოვლმა დაფარა მიდამო. საშინელი გრიგალია. გააფთრებულმა ქარმა კარავი მოგვიგლიჯა, მაგრამ არ გავატანეთ. გრიგალთან ომი იმით დავამთავრეთ, რომ ყინულში “ბინა” ამოვჭერით და ხუთივენი შიგ მოვთავსდით. არც ერთის თვალს ძილი არ ეკარება. “ყინულის სახლიდან” თავის ამოყოფაც კი შეუძლებელია. ჩემი სვანი მეგობრები მაინც ოხუნჯობენ და ერთხელ “ლილეოც” კი შემოსძახეს.

10 აგვისტოს ცენტრალური შხელდა ავიღეთ. მწვერვალზე ვიპოვეთ ალპინისტების მიერ დატოვებული წერილი. 11 აგვისტოს ცენტრალური შხელდის 150-მეტრიან შვეულ და უძნელეს დასავლეთ კედელზე დაშვება კვლავ ბუნების სტიქიონთან სასტიკ ბრძოლაში მოგვიხდა. გადავწყვიტეთ იმავე დღეს გადაგველახა აღმოსავლეთ შხელდის კედელიც. წინ ბექნუ ხერგიანი მიგვიძღვის. დაღამებისას ბზარებში ვასობთ რკინის პალოებს, მასში ვუყრით კარაბინებს, თოკს და ნელა მივიწევთ წინ. 300 მეტრი კედლის შვიდსაათიანი იერიშის შემდეგ, აღმოსავლეთ შხელდის მწვერვალზე საშინელი ქარი დაგვიხვდა. 12 აგვისტოს ორსაათნახევარი მოვანდომეთ კარვის დადგმას. მომდევნო ორ დღეს სახეში გვცემს სეტყვისებური ხოშკაკალი. გულშემზარავი ჭექა-ქუხილი ორ დღეს გრძელდება.

15 აგვისტო. უამინდობის მიუხედავად, ვეშვებით უშბის პლატოზე, ვძლევთ კლდოვან შვეულ ფერდობებს და ნელა მივიწევთ წინ 17 დღის უძნელესი ლაშქრობის შემდეგ. საღამოს პლატოზე დაგვხვდა ბესარიონ ხერგიანის დამხმარე ჯგუფი, რომელიც უხვად გაგვიმასპინძლდა. 33 მეორე დღეს ვაპირებთ წინსვლას, გუშინ მზეზე ვიწვებოდით, დღეს კი ნისლი ჩამოწვა. მხოლოდ 18 აგვისტოს მოვექეცით ჩრდილოეთ უშბის მწვერვალის კლდოვან მხარეს, 20 აგვისტოს კი დილიდანვე შევებით და 21 აგვისტოს უკვე უშბის ჩრდილო მწვერვალიდან დავეშვით უშბის დანისებური უნაგირისაკენ.

“ჩემი ნაცნობი ადგილი, აქ ხომ 1946 წელს ვიყავით! – გავიფიქრე უნაგირას მისადგომთან მისვლისას. მაგრამ ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სრულიად ვერ ვიცანი ის მიდამო, სადაც რამდენიმე წლის წინათ სამი კარავი გვედგა. საცალფეხო გასასვლელი რა არის, ისიც კი აღარ დარჩენილა! გულის მყინვარის მოძრაობამ თუ გამოიწვია ადგილის კონფიგურაციის შეცვლა. “…უნაგირას ორივე მხარეს ორკილომეტრიანი უფსკრულებია. ამინდი უარესდება. მაგრამ იძულებულნი ვართ განვაგრძოთ გზა. ეს “გზა” კი მოგეხსენებათ როგორია: დანისებური უნაგირის ორივე მხარეს ვაკეთებთ ფეხის მოსაკიდებელ თხრილებს, ერთ მხარეს ერთ ფეხს დავდგამთ, მეორე მხარეს – მეორე ფეხს და ისე გავდივართ დაახლოებით 120 მეტრ მანძილს “თავბრუდამხვევ სისწრაფეში”… 2 საათში!

21 აგვისტო ჩვენი ლაშქრობის უძნელესი დღეა. უშბის კედელი უნდა გადავლახოთ. ხელსაყრელ პირობებშიც კი ჭირს მასზე ასვლა, ახლა კი თხილისოდენა სეტყვა და ნისლი წამოგვეწია. წინ წაგვიძღვა ჭიჭიკო ჩართოლანი და კუნაპეტ ღამეში გვამხნევებს – ერთი თოკის გაშლა და შარაგზაც გამოჩნდებაო. ჩვენ ვერ ვხედავთ მას, მხოლოდ მისი სიტყვები გვესმის. საშინელ კლდეებზე თოკის გაშლას ბოლო არ უჩანს, ან რა უნდა შარაგზას უშბაზე? ყოველი მტკაველის დაძლევა ცხარე ბრძოლით გვიხდება. და აი, გაიელვა ჩართოლანის მიერ ნასროლმა მაშხალამ. მწვერვალზე ასვლის ნიშანია. ახლა კი სწრაფად ავიჭერით მწვერვალზე და ერთმანეთს გამარჯვება მივულოცეთ.

24 აგვისტო. სამშვიდობოს გამოვედით გულის მყინვარზე, სადაც დამხმარე ჯგუფები და შემხვედრნი გველოდებოდნენ. კვლავ უშხვანარში ვართ, საიდანაც ტრავერსის წინ გზა დაგვილოცეს და რომელიც გახდა ალპინიზმის ისტორიაში უძნელესი ტრავერსის მოწმე”.

წყარო: საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.