1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო – ქართველ მოსწავლეთა მონაგარი აზიის პირველობაზე ინფორმატიკაში

1 ოქრო (ნიკა ბირკაძე), 2 ვერცხლი (თეიმურაზ თოლორაია, ლუკა მუშკუდიანი) და 3 ბრინჯაო (გიორგი ნადარეიშვილი,  ბესო მანაგაძე, არჩილ ბასაძიშვილი) – ასეთია ქართველ მოსწავლეთა მონაგარი აზიის პირველობაზე ინფორმატიკაში, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და რომლის პირობითი მასპინძელი ინდონეზია იყო.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიკა ბირკაძის შედეგი, რომელმაც 300-დან 300 ქულა აიღო. ოქროს მედალი ამ შეჯიბრში შარშანწინაც ავიღეთ (გიორგი კლდიაშვილი), მაგრამ აბსოლუტური შედეგი ამ შეჯიბრზე ქართველმა მოსწავლემ პირველად აჩვენა. წლევანდელ ტურნირში 34 ქვეყანა მონაწილეობდა. მათ შორის ჩინეთი, იაპონია, კორეა, რუსეთი, ირანი, ინდოეთი და ა.შ. ტურნირის ფორმატი ისეთია, რომ მედლის აღება აქ უფრო რთულია, ვიდრე მსოფლიო პირველობაზე, სადაც თითო ქვეყნიდან 4 მოსწავლე მონაწილეობს. აზიის პირველობაზე კი თითო ქვეყნიდან 60 მოსწავლის მონაწილეობაა დაშვებული და აქედან მხედველობაში 6 საუკეთესო შედეგი მიიღება. ჩვენი მოსწავლეების შედეგი იმითაც არის სასიხარულო, რომ ექვსივე საუკეთესო შედეგი მედლებში მოხვდა.“ – წერს სოციალურ ქსელში ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი.

ექვსი პრიზიორიდან 5 კომაროველია, ხოლო 1 (მანაგაძე) – ქუთაისის ფიზმათიდანაა.

სექტემბერში ევროპის ახალგაზრდული და მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. პანდემიის გამო ორივე შეჯიბრი ონლაინ ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატს ჩვენ ვმასპინძლობთ, მსოფლიოს კი სინგაპური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები