კორპორაცია მაიკროსოფტი: „საქართველოს განათლების სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს“
კორპორაცია Microsoft-ი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვასა და უწყებასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას დადებით შეფასებას აძლევს.
კომპანიამ დეტალურად შეისწავლა სამინისტროს მიერ პანდემიისა და პოსტ-პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლებისას, მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროდუქტების დანერგვის პროცესი, უწყების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები წარმატებულ ნიმუშად აღიარა და ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა (Case Study).
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების სისტემაში მუდმივად ნერგავს ინოვაციას – ვირტუალურ კლასებს, ჩეთბოტებსა და თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას, რათა ქვეყნის მასშტაბით მოხდეს ჰიბრიდული ტექნოლოგიებით გაჯერებული განათლების მიწოდება. ახალი რეფორმის გასააქტიურებლად სამინისტრომ სკოლებისთვის Microsoft 365 და Microsoft Teams პროგრამები შეარჩია,“ – ნათქვამია Microsoft-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.