საერთაშორისო დიასპორულ პროექტებში საქართველოს რეგიონებში არსებული სკოლებიც ჩაერთვებიან
ფონდის, “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” პრეზიდენტის, ქალბატონ თიკა სვანიძე ვენკოს ინიციატივით, ფონდის ფარგლებში არსებული პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინ სკოლა, იწყებს აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს რეგიონებში არსებულ სკოლებთან და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას საერთაშორისო დიასპორულ პროექტებში.
სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის №1 საჯარო სკოლასა და ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. თანამშრომლობის მიზანია, საქართველოს რეგიონებში არსებული სკოლების უფრო მეტად დაახლოება-გაერთიანება და ასევე მათი ჩართულობა საერთაშორისო დიასპორულ პროექტებში, მათ შორის პირველ საერთაშორისო დიასპორულ ონლაინ სკოლის პროექტში.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 14 აგვისტოს ზუგდიდში სწორედ ,,წერილების ფესტივალის” ფარგლებში გაიმართა საზეიმო მიღება აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის №1 საჯარო სკოლაში.
“წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა სკოლის დირექტორის, ქალბატონი, ნინო გოგინავას, სკოლის დირექციისა და აღსაზრდელების მიერ შექმნილმა გარემომ, მეგრული სამზარეულოს მასტერკლასებმა, გაჟღერებულმა ქართულმა ჰანგებმა და უნიკალურმა, ქართულმა ცეკვამ” – აღნიშნავს ფონდის პრეზიდენტი, თიკა სვანიძე ვენკო.
საზეიმო მიღებას ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტი და ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებელი თიკა სვანიძე ვენკო ოჯახის წევრებთან და ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.