ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი კოვიდ19-თან საქართველოს ბრძოლას სამაგალითოს უწოდებს

ტედროს გებრეიეუსმა ამის შესახებ ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან, ალექსანდრე მაისურაძესთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე განხილულ იქნა კოვიდ19-ის გავრცელების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა და მთავრობის მიერ განხორციელებული სოციალური და ეკონომიკური ზომები მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების თვალსაზრისით.

ამასთან, ხაზი გაესვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლს პანდემიის პირობებში ექსპერტული და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის კონტექსტში. WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიეუსმა დადებითად შეაფასა საქართველოში პანდემიის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითოა არა მხოლოდ კოვიდ19-თან ბრძოლაში, არამედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის, C ჰეპატიტთან ბრძოლისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. იგი მიესალმა ჯანდაცვის საკითხებზე საქართველოს მთავრობის მაღალ დონეზე აქტიურობას და აღნიშნა, რომ სწორედ მაღალი დონის ჩართულობით შეძლო ქვეყანამ „Health for all” პრინციპის დაცვა.

შეხვედრის დასასრულს მხარეები საქართველოსა და WHO-ს ურთიერთობების გაგრძელებასა და ჯანდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები